მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" ლიდერატორის პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო

60b73317a6dff
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 12:09
644
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, "საქართველოს ბანკი" ლიდერატორის პროგრამას კვლავ აგრძელებს. ლიდერატორი უკვე მეხუთე წელია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ უკვე 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ლიდერატორი, პროგრამების დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 95%-მა კარიერა "საქართველოს ბანკში" გააგრძელა.

ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით.

2021 წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა - ლიდერატორი სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს, ესენია: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მცირე და საშუალო ბიზნესი; ფინანსები; საცალო საბანკო მომსახურება, მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; საბანკო სამართალი და შესაბამისობა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ადამიანური კაპიტალის მართვა; მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება.

„წლებია, ლიდერატორი ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პროგრამის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება - 2021 წელს ლიდერატორის საკონკურსო პროცესში 2500-მდე კანდიდატი იყო ჩართული. ზოგადი და პროფესიული ტესტირებების, ინტერვიუების, სხვადასხვა დავალებებისა თუ პრეზენტაციების შემდეგ, მათგან 94 სტუდენტი შეირჩა. აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლებში მონაწილეები ძირითადად 6 უნივერსიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილნი, წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და ამჟამად ლიდერატორის პროგრამაში 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას. გვჯერა, რომ ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებლის კმაყოფილების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუცა გოგილაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uFTkt5

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები