საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „ვაინ კახეთი“ წარმოებას აფართოებს. ახლახან, კომპანიამ თელავში 1 ჰა. ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობა დაასრულა.
საქართველოს ბანკის ინფორმაციით, პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 1.5 მლნ ლარი შეადგინა.
„ვაინ კახეთის“ მფლობელობაშია საფერავის, რქაწითელის, კახური მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში (ნაკვეთების დამუშავება, ვაზის მოვლა და მოსავლის აღება) 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
„ვაინ კახეთი“ ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში 1200-1500-მდე ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავებას უზრუნველყოფს, რაც რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სამომავლოდ, კომპანია დამატებით 10,000 ტონაზე მეტი მოცულობის ცისტერნების განთავსებას, მიღებული ყურძნის საკუთარ ქარხანაში გადამუშავებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს.
„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „ვაინ კახეთი“ საქმიანობას აქტიურ რეჟიმში ავითარებს. 2019 წელს, ბანკთან თანამშრომლობით, „ვაინ კახეთის“ შვილობილი კომპანიის, „ვივის“ მიერ ვენახები გაშენდა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანიას ახალი საწარმო შეემატა. საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითაროს და გააფართოვოს საკუთარი საქმიანობა. ჩვენ არ ვჩერდებით, და მუდმივად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ალკოჰოლისა და აგრარული სექტორის ხელმძღვანელმა, ნინო აფციაურმა.
„ვაინ კახეთისა“ და "საქართველოს ბანკის" პარტნიორობა არაერთ წელს ითვლის. ჩვენ სამი წლის წინ ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა ფართობზე 5 სხვადასხვა ჯიშის ვენახი გავაშენეთ და თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობა განვახორციელეთ. ბანკი, როგორც ჩვენი პარტნიორი, მუდმივად გვაძლევს სტიმულს, შევეჭიდოთ ახალ გამოწვევებს და პროექტებს. თანამშრომლობის ფარგლებში, ახლო მომავალში ვგეგმავთ სპირტის ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას“, – განაცხადა „ვაინ კახეთის“ დირექტორმა ლევან ზილფიმიანმა.
(NS)