მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს რკინიგზამ" 2019 წელი 5.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა

5eda5de226a44
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.20 18:49
1572
სს "საქართველოს რკინიგზამ" 2019 წლის საქმიანობის აუდიტორული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში რკინიგზამ საოპერაციო საქმიანობა კვლავ ზარალით დაასრულა, თუმცა ზარალის მოცულობა წინა წელთან შედარებით რამდენჯერმე შემცირდა და 5.6 მილიონი ლარი შეადგინა. 

დიდი ოთხეულის წევრის, KPMG-ის მიერ მომზადებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, "საქართველოს რკინიგზის" ჯამური შემოსავალი გაუმჯობესებული ტვირთბრუნვის გამო, ლარებში 15.8%-ით გაიზარდა და მან 491 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამურად, გადატანილი ტვირთების მოცულობა 8%-ით არის გაზრილი და ის 10.8 მილიონ ტონას შეადგენდა. 

დოკუმენტის მიხედვით, რკინიგზის აქტივების ჯამური ღირებულება 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს. 

ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის შემოსავლების განაწილება ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - 373.9 მილიონი ლარი;
ლოგისტიკური სერვისები - 48.8 მილიონი ლარი;
სამგზავრო გადაყვანები - 31.1 მილიონი ლარი;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 16 მილიონი ლარი;
სარკინიგზო ვაგონების სასაზღვრო კვეთის მოსაკრებელი - 14 მილიონი ლარი;
სხვა შემოსავალი - 6.9 მილიონი ლარი. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რკინიგზის კონსოლიდირებული ზარალი 716 მილიონ ლარს შეადგენდა და ის ძირითადად საინვესტიციო ქონების გადაფასებით იყო გამოწვეული. 2018 წელს განხორციელებული კალკულაციით, რკინიგზის აქტივების საბალანსო ღირებულება 691 მლნ ლარით შემცირდა. 

რკინიგზამ დღესვე, 2020 წლის პირველი კვარტლის საოპერაციო შედეგებიც გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა იანვარ-მარტის პერიოდში 122.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 23.7%-ით მეტია. 

თუმცა, პირველ კვარტალში რკინიგზამ საქმიანობა 163 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, რაც არა უშუალოდ საოპერაციო მიმართულებით არსებულ ვითარებას, არამედ კომპანიის მიერ დიდი მოცულობის საფინანსო ხარჯის გაწევას უკავშირდება. პერიოდის განმავლობაში "საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ზარალი 198 მილიონ ლარს შეადგენდა. ფინანსური ზარალის მიზეზად, ანგარიშგებაში გაცვლითი კურსის გაუფასურებით მიღებული ზარალი არის მითითებული, რისი მოცულობაც 188 მილიონ ლარს შეადგენდა. 

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავისმხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. ცალკეული წლების მიხედვით, რკინიგზის მოგება ყველაზე მაღალი 2011 წელს იყო და 174 მილიონ ლარს შეადგენდა, ყველაზე მაშტაბური - 716-მილიონიანი ზარალი კი 2018 წელს იყო.  ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების მთავარი მიზეზი გასული წლების განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების შემცირება იყო. 2012 წელს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 20.1 მილიონ ტონას შეადგენდა, 2013 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით, კი ტვირთბრუნვის ოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2018 წელს ტვირთბრუნვა 10 მილიონ ტონამდე შემცირდა, 2019 წლიდან კი გარკვეული ტემპით, ნაკადების აღდგენა დაიწყო. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები