ჩინეთში 3 258 მეტრის სიგრძის მონაკვეთის გათხრის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა საავტომობილო გვირაბის მშენებლობის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.
კერძოდ, მიმდინარე კვირას ძირითადი დამცავი ფარის სამუშაოები ძიაოჟოუს ყურის მეორე წყალქვეშა გვირაბზე დასრულდა, რომელიც ქალაქ ცინგდაოში, ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე შანდონგის პროვინციაში მდებარეობს.
გვირაბის ეს მონაკვეთი 3 258 მეტრის სიგრძისაა, მის გასაყვანად კი სამშენებლო ჯგუფმა გიგანტური ზომის, 15,63 მეტრი დიამეტრის მქონე თხევადი ბალანსის ფარისებრი გვირაბგამყვანი მანქანა (TBM) გამოიყენა.
გვირაბის მშენებლობა მრავალ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან სამუშაო ჯგუფს წყლის მაღალი წნევის დაძლევა და ტექტონიკური რღვევის ზონების გადაკვეთა მოუწია. რამდენიმე ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, სამუშაოები ამ ეტაპზე წარმატებით დასრულდა.
გვირაბის მშენებლობის პროექტის მენეჯერმა, გან ცონგიუმ განაცხადა: "ჩვენმა TBM მანქანამ ნარჩენების გატანის ახალი, ინოვაციური მეთოდი დანერგა. ის აღჭურვილია ნარჩენებისა და ტალახის მონიტორინგის ავტომატიზებული სისტემით, ისევე როგორც გვირაბის გაყვანის დინამიკური ანალიზის სისტემით. ეს საშუალებას გვაძლევს გაყვანის დინამიკური ოპტიმიზაცია რეალურ დროში მოვახდინოთ".
გვირაბი მნიშვნელოვნად გაამარტივებს რეგიონულ გადაადგილებას, მასზე სატრანსპორტო საშუალებების საპროექტო სიჩქარე კი საათში 80 კილომეტრია.
გვირაბის საერთო სიგრძე 17,48 კილომეტრია, საიდანაც 9,95 კილომეტრი უშუალოდ ზღვის ქვეშ გადის.
გვირაბის მშენებლობის პროექტის სრულად დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება. ამ დროისთვის სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულების შემდეგ, სატრანსპორტო კავშირი ქალაქ ცინგდაოს ცენტრალურ ნაწილსა და ხუანგდაოს რაიონს შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.




























