მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში პირველად გავაციფრულეთ დიდუბის ავტოსადგური“ - სამოგზაურო აპლიკაცია SAIT

647db68aa13d6
სალომე ხიდურელი
11.06.23 12:30
7934
სატრანსპორტო და სამოგზაურო აპლიკაცია SAIT, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც ამოქმედდა, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სამოგზაურო ბილეთები მათთვის მისაღები პირობებით. ამასთანავე, აპლიკაცია ტვირთის გადაზიდვის სერვისსაც სთავაზობს მომხმარებელს. ამის შესახებ BM.GE-ს სტარტაპის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან მერებაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აპლიკაცია საქალაქთაშორისო მოძრაობისთვის მომხმარებელს ხუთ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს და პირობების, ფასის, კომპანიისა და მგზავრობის დროის ერთმანეთთან შედარების საშუალებას აძლევს. ეს მიმართულებებია სამარშრუტო ტაქსები, ავტობუსები, თვითმფრინავები, მატარებლები და კერძო ტრანსფერები. აპლიკაციის დამფუძნებლის განმარტებით;

"კერძო ტრანსფერები სამ ძირითადად ვარიანტს მოიცავს:

1) პლატფორმის ერთ მხარეს რეგისტრირდებიან „მძღოლები“ და არეგისტრირებენ თავიანთ „მანქანებს“ (მინივენი, სედანი, ჯიპი, მარშუტკა, ავტობუსი - მოკლედ ნებისმიერი ტიპი) - სასურველ მიმართულებას, დროს და „სრული მგზავრობის ფასს“ - რომელიც ჩვენს მიერ იქნება კონტროლირებადი საბაზრო ფასთან მიმართებაში. პლატფორმის მეორე მხარეს, სასურველი მიმართულების მითითებისას მომხმარებელს გამოუჩნდება დარეგისტრირებული „ავტომობილების“ კატალოგი, სადაც შეეძლება სასურველი „ავტომობილის“ ექსკლუზიურად თავისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაჯავშნა.

2) პლატფორმის ერთ მხარეს რეგისტრირდებიან „მძღოლები“ და არეგისტრირებენ თავიანთ „რეისებს“ (აქაც ნებისმიერი ტიპის მანქანით) - კონკრეტული მიმართულებით, დროით და „ერთი ადგილის ფასით“, პლატფორმის მეორე მხარეს, სასურველი მიმართულების მითითებისას მომხმარებელს გამოუჩნდება დარეგისტრირებული „რეისების“ კატალოგი, სადაც შეეძლება სასურველი „ადგილის“ თავისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაჯავშნა.

3) შესაძლოა მომხმარებელმა ვერ იპოვოს სასურველი მზა რეისი/ტრანსპორტი ჩვენს აპში. ასეთ მომხმარებელს საშუალება აქვს დაარეგისტრიროს თავისი მოთხოვნა. ჩვენი აპი დაუთვლის ზუსტ ფასს, გადაახდევინებს წინასწარ ბარათით და უპოვის მოთხოვნების შესაბამის ტრანსპორტს. ეს შეთავაზება იდეალურია კომპანიებისთვის, უნივერსიტეტებისთვის და სკოლებისთვის ვისაც მუდმივად სჭირდებათ ექსკურსიებისთვის, მივლინებისთვის ან თუნდაც ყოველდღიური სამსახურებრივი მოვალეობისთვის ადამიანთა დიდი ჯგუფების გადაყვანა“, - ამბობს ლევან მერებაშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS და Android პლატფორმებზე და სერვისების გამრავალფეროვნება მუდმივად იგეგმება.

„ამჟამად პირველად საქართველოში გავაციფრულეთ და დავამატეთ ექსკლუზიურად, დიდუბის ავტოსადგური - მარშუტკების სექციაში. ასევე დავამატეთ „ჯორჯიან ბასი“ - ავტობუსების სექციაში. და 10-15 ივნისს დაგვემატება საქართველოს რკინიგზა - მატარებლების სექციაში. უახლოეს მომავალში ჩვენ დავამატებთ თვითმფრინავების და კერძო ტრანსფერების სექციას. და ამ სექციებში მუდმივად დაემატებიან ისეთი კომპანიები რომლებიც იყვნენ ან არ იყვნენ მოძიებადი გუგლში“, - ამბობს ის.

როგორც მერებაშვილი აღნიშნავს, აპლიკაციის საჭიროება ტექნიკურმა გუნდმა იქიდან გამომდინარე დაინახა, რომ საქართველოში საქალაქთაშორისო გადაადგილება მნიშვნელოვან გამოწვევებსა და ხანგრძლივ რუტინასთანაა დაკავშირებული.

„სამწუხაროდ ჩვენც ყოველდღიურად ვეჩეხებოდით იმ არასასიამოვნო და დროში გაწელილ რუტინას რისი გავლაც უწევს ადამიანს ერთი ქალაქიდან მეორეში გადასაადგილებლად. ჩვენ დავინახეთ რომ ეს პრობლემა არამარტო საქართველოში და რეგიონშია, არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაშიც, და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ამ ქვეყნებისთვის და ადამიანებისთვის 15-45 წუთიანი რუტინა შეგვემცირებინა 2 წუთამდე.

აუცილებლად ვაპირებთ რომ მოვიცვათ მთელი საქართველო და არა მარტო დიდი ქალაქები, არამედ პატარა სოფლებიც. დღეს უკვე გვაქვს მიმართულებები თბილისიდან პატარა სოფლების მიმართულებით. საკმაოდ დიდი გამოწვევაა ყველა დიდი ქალაქიდან გვქონდეს მიმართულება სოფლებისკენაც, არამარტო ერთმანეთთან“, - ამბობს SAIT-ის დამფუძნებელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სტარტაპის დამფუძნებელი აპლიკაციის საზღვარგარეთ გატანასაც ეხება და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სრულად ჩაეშვება ყველა ტიპის სექცია და სატრანსპორტო კომპანიები, SAIT რეგიონშიც გავა, კავკასიასაა და ცენტრალურ აზიას მოიცავს, შემდეგ კი ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის დარჩენილი ნაწილების ათვისებაზეც იფიქრებს. 2024 წლისთვის კი აპლიკაციაში გამოჩნდება ახალი განყოფილება, ტვირთის გადაზიდვების თვალყურის დევნებისა და მართვის მიზნით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად მოიძიოს და გააგზავნოს სხვადასხვა ტიპის ტვირთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები