მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ" - როგორია საქართველო-შვეიცარიის ეკონომიკური კავშირი?

649070be48aed
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.23 21:00
832
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შვეიცარიაში იმყოფება, სადაც შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს იგნასიო კარისს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში, არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამასთან, უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შვეიცარიული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ და ქვეყნებს შორის როგორც ვაჭრობის დინამიკა, ისე შვეიცარიიდან საქართველოში მომავალი ვიზიტორების რაოდენობა დადებითია.

როგორია საქართველო-შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობები, ამის წარმოდგენას BM.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეეცდება.

ინვესტიციები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ პანდემიამდე, ანუ 2019 წელს შვეიცარიიდან 17.2 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2020 წელს ეს რიცხვი 10 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს შვეიცარიული ინვესტიციების მოცულობა 7.5 მლნ დოლარამდე შემცირდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2022 წელს ამ მიმართულებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, რამაც 23.6 მლნ დოლარი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო-შვეიცარიის საქონლით სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 214 მილიონ 925 ათას დოლარამდე გაიზარდა. 2021 წელს ეს რიცხვი 164 მილიონ 978 ათას დოლარს შეადგენდა. ექსპორტ-იმპორტი მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებითაც გაზრდილია და 97 მლნ დოლარს შეადგენს.

2023 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი 36.2%-ი იყო და 35.2 მლნ დოლარს შეადგენდა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით შვეიცარიაში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 16.1%-ით შემცირდა. მთავარ საექსპორტო საქონელს კი დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო წარმოადგენდა. სწორედ მასზე მოდის ექსპორტის უდიდესი ნაწილი. TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

1. დაუმუშავებელი ოქრო - 32.1 მლნ დოლარი;
2. სუნამოები და ტუალეტის წყალი - 976 ათასი დოლარი;
3. თხილი და სხვა კაკალი - 665 ათასი დოლარი;
4. მაკიაჟის და კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები - 589 ათასი დოლარი;
5. საათები მაჯის, ჯიბის და სხვა - 214 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-მაისში შვეიცარიიდან საქართველოში 61.8 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 50.4%-ით აღემატება. შვეიცარიიდან მთავარი საიმპორტო საქონელი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია. საიმპორტო საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:
1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 33.1 მლნ დოლარი;
2. ვაქცინაციები, სისხლის და იმუნური პროდუქტები - 9.5 მლნ დოლარი;
3. ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 2.3 მლნ დოლარი;
4. მსუბუქი ავტომობილები - 1.2 მლნ დოლარი;
5. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 1.2 მლნ დოლარი;

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში შვეიცარიელი ვიზიტორების მხრიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 10 175-ს შეადგენდა. პანდემიამ როგორც ზოგადად ტურიზმზე ამ მიმართულებაც იქონია გავლენა. შესაბამისად გასულ 2022 წელს შვეიცარიიდან ვიზიტების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 45.8%-ით აღდგა. ჯამში წლის განმავლობაში საქართველოს შვეიცარიელების მხრიდან 4 662 ვიზიტი განხორციელდა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს, ამ პერიოდში ქვეყანაში შვეიცარიიდან სულ 825 ვიზიტი შესრულდა, რაც პანდემიამდე ამ პერიოდის მაჩვენებელზე 36,4%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები