„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვცდილობ არ ვიყო ემოციური, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ - ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკური სექტორის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი ხდება ის, რომ ყველა პაციენტი იყოს მართული, არცერთი არ დარჩეს ჰოსპიტალური საწოლის გარეშე და ყველამ მიიღოს მომსახურების სრული პაკეტი.
„სიკვდილობას ვინარჩუნებთ ამ რაოდენობისთვის ძალიან დაბალ ნიშნულზე, დაახლოებით 20-სა და 30-ს შორის. ამ ფონზე, როდესაც ასეთი დიდი ალბათობაა სიკვდილობის მატების და ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება, შეიძლება გადავაჭარბოთ „მეოთხე ტალღას“, ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის. აცრილთა რაოდენობა კი დღეში 4 000-დან 6 000-მდე მერყეობს. ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამ, საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. ყველაფერს საზღვარი აქვს, არ შეიძლება ანტივაქსერობას ასეთი ფართო გასაქანი ჰქონდეს, რომ მხოლოდ 4 000 კაცი აიცრას, როდესაც დღეში 40-50 000 ადამიანის აცრის საშუალება გვაქვს, თან მაქსიმალური კომფორტით, ბინებში გაკითხავენ, მეტი რაღა უნდა ქნან? თან გვაქვს მაგალითი, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს ორჯერ აცრა და ისრაელმა უკვე სამჯერ აცრა თავისი მოსახლეობის უმრავლესობა, ესენია ევროკავშირი, აშშ, ინგლისი, აზიის განვითარებული ქვეყნები ძალიან შეამცირა როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე სიკვდილობის რაოდენობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 899 938 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 007 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5 %; სრულად აცრილია 892 410 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.2%-ია. 14 ოქტომბერს 3 843 ადამიანი აიცრა.




























