მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქონლის ფასების რეგულირებისას ბიზნესმენის „დაბარების“ მცდელობა მიუღებელია“ - „გრასის“ ეკონომისტი

6430250e3a71d
ელენე გოგბერაშვილი
09.04.23 19:01
686
რეგულაციების ეფექტიანობის დონით საქართველოს პოზიციები გაუარესდა. რეგულაციების ეფექტიანობას, როგორც შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოთვლისას იყენებს. გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის ინდექსში საქართველო 9 პოზიციით დაქვეითდა და 176 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება კრიტერიუმს, რომელიც რეგულაციების ეფექტიანობას ბიზნესის თავისუფლების, შრომის თავისუფლების და მონეტარული თავისუფლების მიხედვით აფასებს, ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმში საქართველოს ქულა 4,3-ით გაუარესდა, რაც ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. ინფლაციის გათვალისწინებით, წინა წელთან შედარებით 4 ქულით გაუარესდა საქართველოს ქულა მონეტარული თავისუფლების კრიტერიუმში.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის და ეკონომიკის რეგულირების ხარისხი მაღალი არ არის, თუმცა ვალერი კვარაცხელია ქვეყანაში ბიზნესის ხისტი რეგულირების წინააღმდეგია.

„საქართველოს ეკონომიკა არ არის ზედმეტად რეგულირებული, თუმცა ეს არის ზოგადი შეფასება. როცა დეტალებში ჩავდივართ და კონკრეტულ მიმართულებებზე შეგვიძლია გადავიდეთ, მანდ უკვე დავინახავთ, რომ ცალკეული რეგულაციები თავისი სიხისტიდან გამომდინარე, კონკრეტულ ბიზნეს გარემოსთან მოურგებლობიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს დამაზიანებელი/შემაფერხებელი, რომელსაც სჭირდებოდეს შეცვლა საკანონმდებლო თვალსაზრისით.

იმ სივრცესთან შედარებითაც, სადაც ჩვენ მივისწრაფით, ევროკავშირთან შედარებით რეგულაციის ხარისხი არის დაბალი საქართველოში, თუმცა მიდგომა, ყოველთვის უნდა იყოს ისეთი, რომ თუნდაც ის რეგულაციები, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით არის მისაღები მივიღოთ იმ დაბალ ნიშნულზე, რომელიც საკმარისი იქნება კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და ნაკლებად შეუქმნის წნეხს ადგილობრივ ბიზნესს.

ასევე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის თავისუფალ ბაზარში ჩარევის, ფასების რეგულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ამ კუთხით უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ეს არის საკითხები, რომელთანაც თამაში ნამდვილად არ შეიძლება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში და ეს არავის მხრიდან არ იქნება აღქმული დადებითად, მითუმეტეს შედეგი, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ, არ არის ეს ის გზა“,-განმარტავს ვალერი კვარაცხელია.

ის მთავრობას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარკვეული ინიციატივების დროს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.

„ბოლო რეგულაცია, რომელიც შეეხო ფასებს, საბაზრო მექანიზმს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ეკონომიკა, ეს იყო ჯანდაცვის სექტორი და ფარმაცევტული კომპანიებისთვის რეგულაციები და ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში დაწესებული შეზღუდვები, რომლითაც დარეგულირდა ის ჭერი, რომლის დაწესებაც კერძო სუბიექტებს შეუძლიათ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ თავისთავად ეს ცვლილება არ იყო თავსებადი ევროკავშირში დამკვიდრებულ პრეცედენტებთან, იყო თავსებადი, თუმცა რამდენად მკაცრია ის ბაზართან მიმართებაში ან რამდენად ამ სიხისტის უნდა ყოფილიყო ან არ უნდა ყოფილიყო, ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება შეფასებას.

ამასთან, ბმაში შეიძლება კიდევ ერთ ინიციატივაზე საუბარი, რომელიც როგორც საკანონმდებლო ინიციატივაში და ცვლილებებში არ ასახულა, თუმცა პირველადი მოხმარების საქონლის ფასების რეგულირებაზე იყო საუბარი და მინიშნებებზე უფრო რთულად მოსასმენი საკითხი იყო ბიზნესმენების „დაბარების“ მცდელობა და მათთან გასაუბრების ნაწილი, რაც დემოკრატიულ პირობებში ბიზნესთან ურთიერთობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცალსახად მიუღებელი გზაა. თუ რაიმე შესაცვლელია და დასარეგულირებელია, მოდი ეს კანონმდებლობით გავაკეთოთ და ვიმსჯელოთ - რამდენად კარგია ან ცუდია კანონმდებლობა... და არა ჩრდილოვანი შეხვედრების გზით ჩავერიოთ ეკონომიკის ფუნქციონირებაში“, - აცხადებს „გრასის“ მთავარი ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები