რაც შეეხება კრიტერიუმს, რომელიც რეგულაციების ეფექტიანობას ბიზნესის თავისუფლების, შრომის თავისუფლების და მონეტარული თავისუფლების მიხედვით აფასებს, ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმში საქართველოს ქულა 4,3-ით გაუარესდა, რაც ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. ინფლაციის გათვალისწინებით, წინა წელთან შედარებით 4 ქულით გაუარესდა საქართველოს ქულა მონეტარული თავისუფლების კრიტერიუმში.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი ამას ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის რეგულირების მაღალი დონით ხსნის. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა მათ შორის შრომის ინსპექციის მანდატი, იქმნება ახალი სააგენტოები და ხშირ შემთხვევაში ეს მიეწერება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. მისი თქმით, მთავრობა იღებს ისეთ რეგულაციებს, რომლის მიღებასაც ასეთი სიხისტით ევროკავშირი საქართველოსგან არ ითხოვს.
„ყოველ თვე ჩვენ ვაწყდებით რეალობას, რომ იქმნება ახალი სააგენტოები ქვეყანაში [ცოტა უტრირება გამოდის, მაგრამ მაინც], რომელიც რაღაც ახალი ტიპის რეგულირების ფორმას გულისხმობს და უკვე ჩვენც, ვინც ვაკვირდებით ამ პროცესს გვიკვირს, საიდან გაჩნდა ეს ახალი სააგენტო, რომელიც ქვეყანაში რაღაც ახალს უყურებს, ზედამხედველობს, არეგულირებს. ხშირ შემთხვევაში ეს ბრალდება ევროინტეგრაციის პროცესს, ასოცირების ხელშეკრულებას და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით, უსამართლოდ ბრალდება.
ამ ყველაფრის საბოლოო შედეგია ის გარემოება, რომ რეგულაციის დონით ქვეყანა უკვე აღარ არის თავისუფალი ეკონომიკა, არის რეგულირებული ეკონომიკა და არის რისკი, რომ ზედმეტად რეგულირებული ეკონომიკა გახდეს. ზედმეტი რეგულაციები ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ბიზნესის კეთების სირთულეს.
მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, თვითონ ამ რეგულაციების აღსრულების უნარების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან. ერთია მიიღო რეგულაცია, მეორეა მოახდინო მისი ეფექტიანად აღსრულება. აქაც ვფიქრობ, ძალიან მოიკოჭლებს საჯარო ადმინისტრირების ხარისხი და მითუმეტეს ამ რეგულირების ზრდის პირობებში აღსრულების სირთულეები თავისთავადს ზრდის კორუფციის რისკებს და ეს იქნება ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ქართულ ეკონომიკას დაემართოს”,-აცხადებს ხიშტოვანი.
PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს მაგალითისთვის შრომის ინსპექციის გაფართოებული მანდატი მოჰყავს. ამასთან, საუბრობს შრომით კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომლითაც რიგ დარგებში კვირაში 48 -საათიანი სამუშაო დრო 40 -საათამდე შემცირდა.
„ყოფით დონეზე ძალიან ფართოვდება შრომის ინსპექციის ფუნქციები და უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან ბევრ სტანდარტულ ბიზნესაქტივობასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციას ემატება ფუნქციები და მანდატი, რომ მოახდინოს ბიზნესის შემოწმება, მისგან დოკუმენტაციის გამოთხოვა და ა.შ ეს ძალიან ფართო სპექტრია. რაც შეეხება რისკებს, დაკავშირებულს ამ ყველაფრის დაკავშირებასთან ასოცირების ხელშეკრულებასთან, უახლესი რაც მახსენდება ეს იყო 48 საათიანი სამუშაო კვირასთან დაკავშირებული ცვლილებები წლის ბოლოს, დასაბუთება მოხდა რომ ასე არის სამუშაო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებში და ამას გვთხოვს ჩვენ ევროკავშირი. ჩვენ შევისწავლეთ ეს და ასე არ არის.
ჩვენ მივიღეთ იმაზე მკაცრი წესები, დაკავშირებული სამუშაო კვირის საათობრივ ანაზღაურებასთან, ვიდრე გააჩნია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილს, გამოვდივართ კათოლიკეებზე უფრო კათოლიკეები მაშინ როცა საკმაოდ არაპროგნოზირებადია ბიზნესგარემო და არაპროგნოზირებადია ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. ეს არის უბრალოდ არასწორი“,-აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.