სასტუმროები იქნება შუალედური რგოლი ბინასა და კლინიკას შორის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამიერიდან ბინაზე დარჩებიან ადამიანები, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, სასტუმროებში კი განთავსდებიან ადამიანები, ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ, ხოლო მძიმე პაციენტები მოთავსდებიან კლინიკებში.
„გადაწყვეტილია, რომ გაძლიერდება სასტუმროების როლი. თუ აქამდე სასტუმროები ბინის ექვივალენტს ასრულებდნენ, ამიერიდან სასტუმრო იქნება შუალედური რგოლი ბინას და ჰოსპიტალს შორის. ანუ იქ გაძლიერდება სამედიცინო პერსონალი, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისობრივად. კოვიდ-სასტუმროები იქნება შუალედი სახლსა და საავადმყოფოს შორის, სადაც პაციენტებს მსუბუქი მკურნალობა ჩაუტარდებათ. რა თქმა უნდა დამძიმების შემთხვევაში პაციენტი გადავა კლინიკაში“, - განახადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ნოუჰაუა და მსგავსი მოდელი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.
გარდა ამისა, ცერცვაძის თქმით, გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების როლი, რასაც დრო დასჭირდება, თუმცა გაიზრდება ასევე ოჯახის ექიმების რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში მყოფ ყველა ოჯახის ექიმს ბინაზე დარჩენილი პაციენტის მკურნალობა შეეძლოს.
სიახლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიცისტების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.




























