მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავალუტო ბაზრის წესის და ახალი პლატფორმის ამოქმედება სამ მთავარ საკითხს შეეხება" - სებ-ი

5f8eb0f904aca
ლიკა გურაბანიძე
20.10.20 21:00
827

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების მთავარმა სპეციალისტმა თორნიკე რევიშვილმა სავალუტო ბაზრის წესის და ახალი პლატფორმის ამოქმედების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სავალუტო ბაზრის წესის და ახალი პლატფორმის ამოქმედება სამ ძირითად საკითხს შეეხება, რომელიც ყველა მოთამაშემ უნდა დაიცვას. როგორც რევიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, წესი კონკრეტულ აკრძალვებსაც მოიცავს.

“რას მოიცავს სამი უმთავრესი საკითხი? - გამჭვირვალობა და კლიენტებთან კომუნიკაციის წესი, ბაზარზე აკრძალული და შეზღუდული ქმედებები და რისკის მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული მოთხოვნები. ეს წესი ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე, ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებზე და რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ვრცელდება, რომლებიც ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობენ.

კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დოკუმენტში წესები და პირობები დეტალურად გაწერილი იყოს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ ბაზრის მონაწილე რა სტატუსით გამოდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფასდადების პოლიტიკა გონივრული და სამართლიანი, ასევე იმ ეკონომიკური დანახარჯების და რისკების შესაბამისი იყოს, რომელსაც ბაზრის მონაწილე თავის თავზე იღებს. შეზღუდული ქმედებებიდან ყველაზე მეტად წინსწრებით ვაჭრობაა აკრძალული, რადგან საბოლოო ჯამში კლიენტი ზარალდება. ასევე კონკურენციის შემზღუდავი ნებისმიერი დებულება პირდაპირ აკრძალულია”, - განაცხადა რევიშვილმა.

ცნობისთვის, პირველი ოქტომბრიდან სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ბლუმბერგის ახალი Bmatch სავალუტო პლატფორმა მონაწილეთა უფრო ფართო წრისათვის ხდება ხელმისაწვდომი. ცვლილებით ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ სავალუტო ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას დროული და საჭირო ღონისძიებების გატარებით ხელი შეუწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები