მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზღვარზე საცობებმა ტრაილერის მძღოლებს შემოსავალი 4-ჯერ შეუმცირა" - დასაქმებულები სფეროს ტოვებენ

6390a5cb95bc2
ანუკა ჯოხაძე
11.12.22 13:00
1405
„50 ახალ მანქანას ვყიდულობთ და ორჯერ დიდი პრობლემა მძღოლების მოძიებაა“- კადრების მწვავე დეფიციტზე ლოგისტიკის დარგშიც საუბრობენ. Kairos Logistics-ის დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრისას თქვა, რომ Kairos Logistics-ი ამ პრობლემის დაძლევას კადრების გადამზადებით ცდილობს, თუმცა მისი თქმით, ამ გამოწვევის წინაშე დგას მთლიანად დარგი და საუბარი შესაძლოა 1000 მძღოლს ეხებოდეს.

Kairos Logistics-ის განცხადებას, რომ ლოგისტიკურ კომპანიებს სახმელეთო გადაზიდვებისთვის ტრაილერის მძღოლების მოძიება უჭირთ, ბაზრის სხვა მოთამაშეებიც ეთანხმებიან. კომპანია "ბლექსი ლოჯისტიკსის" დამფუძნებელი რეზი ხვიჩია აცხადებს, რომ ამის მთავარი მიზეზი გამშვებ პუნქტებზე არსებული რიგებია.

მისი თქმით, ტრაილერის მძღოლები საბაჟო პუნქტებზე გადატვირთული მდგომარეობის გამო იმ რაოდენობის რეისებს ვეღარ ასრულებენ, რასაც მანამდე, რაც პირდაპირ აისახება მათ ანაზღაურებაზე. ხვიჩიას თქმით, მძღოლები იმ შემოსავალს ვეღარ იღებენ, რასაც აქამდე იღებდნენ. შესაბამისად, არსებულ რეალობაში მუშაობა აღარ უღირთ და სამუშაოდ სხვა სფეროებში მიდიან.

“საზღვარზე, სარფში, როდესაც დგას დაახლოებით 1500 მანქანა, ჩვენ ტრანსპორტირება გვიგვიანდება, რაც იწვევს გარკვეულ პრობლემებს, რომელიც საქმიანობაზე აისახება. მძღოლებს, რომლებსაც ადრე თვის განმავლობაში ჰქონდათ 4-5 შეკვეთის გაკეთების შესაძლებლობა, ამ რიგებიდან გამომდინარე თვეში ორ სრულ რეისსაც ვერ ახორციელებენ.

ეს იწვევს მათი მხრიდან უკმაყოფილებას. როცა 4-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებს მძღოლი, მისთვის უკვე არასაინტერესო პროფესიაა და უკვე ცდილობენ სხვა მიმართულებით გადაერთონ. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბაზარზე ტრაილერის მძღოლების დეფიციტია", - აცხადებს კომპანია "ბლექსი ლოჯისტიკსის" ხელმძღვანელი რეზი ხვიჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები