მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შაქარი საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაძვირდა" – როგორია ტენდენცია საქართველოში?

5fa15c62d2ea0
ელენე გოგბერაშვილი
03.11.20 22:00
1734
ბოლო პერიოდში საქართველოში ზეთი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა. შესაბამისად, ერთ ბოთლზე ფასი მინიმუმ 1 ლარით გაიზარდა. როგორც ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელი აცხადებს, ლარის გაცვლითი კურსის გავლენით ზეთი კიდევ გაძვირდება. „დღეს უკვე მატება დამიფიქსირეს მომწოდებლებმა“, - ამბობს გურამ ბროძელი.

რაც შეეხება სხვა იმპორტირებულ სამომხმარებლო პროდუქტებს, როგორც ბროძელი განმარტავს, ძირითადად ფასები სტაბილურ ნიშნულზეა, თუმცა ერთადერთი პროდუქტი, რაც საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაძვირდა, შაქარია. მისი თქმით, საქართველოშიც მოხდა ფასების კორექტირება, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერის წყალობით „აგარის შაქარი“ წლის ბოლომდე ფასების დაჭერას ახერხებს.

„შაქარი ძალიან არის გაძვირებული. „აგარის შაქარი“ ჯერჯერობით იკავებს ფასებს სახელმწიფო სუბსიდირების გზით, მაგრამ შაქარიც გაძვირდა 5 თეთრით და ალბათ კიდევ მოსალოდნელია 5 თეთრით ზრდა კურსის გამო, რადგან ბირჟებზეც საგრძნობლად გაძვირებულია. დამთავრდება თუ არა „აგარის შაქრის“ სუბსიდირება, მერე ვნახოთ რა იქნება დეკემბერში“, - აცხადებს გურამ ბროძელი.

ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3,8% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე განსაკუთრებით გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 5,5%-ით ზრდამ განაპირობა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა(17,3%). ხოლო შაქარზე ფასი 4,5%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები