მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოდგომისთვის გერმანიაში მცხოვრებ მომხმარებელს განსხვავებულ აჯიკას შევთავაზებთ" - "SO RE"

642fffeae7997
ნანუკა ნარიმანიძე
08.04.23 22:22
944
ქართული რესტორანი SO RE Flingern-ის დამფუძნებელი შემოდგომიდან დიუსელდორფში მომხმარებელს ადგილზე დამზადებულ აჯიკას შესთავაზებს, - ამის შესახებ რესტორნის დამფუძნებელმა ნათია ტორჩინავამ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

"ეს პროექტი ისეთი მასშტაბური არ არის, როგორიც „სო რე“, იქნება ბუტიკური სახის, რომელიც გააერთიანებს მეგრულ აჯიკასა და იტალიას. მომხმარებელს ექნება საშუალება სრულიად განსხვავებული სახის აჯიკა დააგემოვნოს, ეს პროექტი კოლაბორაცია იქნება ჩემს არსებულ ბიზნესთან, „სო რე“-სთან, ვაპირებ დავასაქმო 3-5 ადამიანი. ახლა აქტიურად ვმუშაობ ჩამოსხმასა და შეფუთვაზე და მსურს, ეს პროდუქტი ფართო მასშტაბებზე გავიტანო. ჩემი აზრით, ვიქნებით პირველები, რომლებიც აჯიკას ასე გაამრავალფეროვნებს, ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ სხვადასხვა გემოები", - აღნიშნა მან, თუმცა რა კონკრეტულ მინარევებს გამოიყენებს, ეს არ დააკონკრეტა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნათია ტორჩინავა აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ Food Festival-ს დაესწრება საქართველოს სახელით.

“ფესტივალი 25 აგვისტოდან იწყება და სამი დღე გაიმართება. ყოველ წელს ამ ფესტივალს 100 000 ადამიანზე მეტი სტუმრობს, შესაბამისად, იქნება ძალიან მასშტაბური. ყველაფერი, რასაც წარვადგენ, იქნება ქართული, წარვდგები ჩემი რესტორნის ლოგოთი და საქართველოს სახელით, ასევე ვაპირებ ძალიან დიდი ადგილი დავუთმო ქართულ ღვინოს, ამ იდეის განხორციელებაში კი ბარი „ღვინის ბიბლიოთეკა“ დამეხმარება“, - განმარტა მან.

ამასთან, ფესტივალებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ზაფხულში კიდევ რამდენიმე ფესტივალს დაესწრება რესტორნის ლოგოთი და საქართველოს სახელით.

„მთელი ზაფხული, ფაქტობრივად, ფესტივალებს დავესწრებით, დაგვიკავშირდნენ სხვადასხვა ფესტივალებიდან, გვაქვს მოწვევა მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც 31 ივნისს გაიმართება, სადაც, პარალელურად ფუდ ფესტივალი იქნება, ასევე წარვდგებით ერთ-ერთ საინტერესო ფესტივალზე კელნში, სადაც ქართული გასტრონომია განვითარებული არ არის და ვეცდები იქაურ ხალხს ქართული გასტრონომია ჩემი კერძებით გავაცნო“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, დიუსელდორფში ქართული რესტორანი SO RE Flingern 17 ადამიანს ასაქმებს, ჯგუფი შედგება: გერმანელებისგან, ქართველებისგან და უკრაინელებისგან. გაზაფხულისთვის ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ტერასის სეზონი იწყება და მეტი თანამშრომელი იქნება საჭირო. აღსანიშნავია, რომ SO RE Flingern გერმანულ ბაზარზე 1 წელიც არაა, რაც ოპერირებს და ის დიუსელდორფში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები