მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ტურისტების რაოდენობა იზრდება"- სასტუმროები

60ccba13d19f8
BM.GE
18.06.21 19:18
634
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას უცხო ქვეყნის 10 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის PCR ტესტის მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ სასტუმროების მენეჯერები დადებითად აფასებენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებით უცხოეთიდან საქართველოში განსაკუთრებით საოჯახო ტურები გაიზრდება.

„გუშინდელი დაანონსებული გადაწყვეტილება დადებით სურათს ორ კვირაში შექმნის. ეს სიახლე და ცვლილება ჩვენ ივლისის დასაწყისში დაგვეწევა, რაც ნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სტაბილურობას.

რაც შეეხება ბავშვებისთვის ტესტირებას მოთხოვნის მოხსნას, ეს საშუალებას მოგვცემს ვიზიტორებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ საოჯახო მოგზაურობაზე, რაც მინიმუმ 2, 3 ადამიანით ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას ქვეყანაში და პროპორციულად ზრდის შემოსავლებს, რომელსაც ისინი შემოიტანენ როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და ა.შ. ამიტომ შეზღუდვის მოხსნის შედეგად წარმოქმნილი მოლოდინი რა თქმა უნდა დადებითად აისახება ტურიზმის ბაზარზე“-აცხადებს მაია მახათაძე სასტუმრო „ადამოს“ მმართველი.

მაია მახათაძის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქების, მათ შორის სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ იზრდება ჯავშნების რაოდენობა.

„სასტუმროს ნომრები დაჯავშნილია, ჯავშნები გრძელ ვადაზე არ კეთდება, რადგან მოგზაურობა ჯერჯერობით დამოკიდებულია ავიარეისის სიმყარეზე, PCR ტესტის პასუხზე გამომგზავრებამდე, ამიტომ გრძელი ვადით გარანტირებულად არ იჯავშნება, ჯავშნების რაოდენობა უფრო მატულობს გამომგზავრებამდე, თარიღთან ახლოს. რა თქმა უნდა ეს კარგი სიურპრიზიც არის, რადგან სასტუმროში ვიცით, რომ გარდა გრძელვადიანი ჯავშნებისა საკმაოდ აქტიურია ბოლო წუთის ჯავშნები, რომელიც 10, 15%-ს შეადგენს. ეს მუდმივად ცოცხალი პროცესია, რაც სტუმარმასპინძლობის ბიზნესს განვითარებაში გვეხმარება“-აცხადებს მაია მახათაძე.

რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გაზრილ ტურისტულ ნაკადზე საუბრობს სასტუმრო Best Western-ის წარმომადგენელი ქეთი მიქაშავიძე.

„რაც უფრო მსუბუქდება რეგულაციები, მით უფრო ვხედავთ ტურიზმის ზრდის ტენდენციას. შესაბამისად ყოველი შემდეგი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია იმ მიზნით, რომ ტურისტს გავუადვილოთ ქვეყანაში შემოსვლა, რა თქმა უნდა ავტომოტურად იწვევს ტურისტების რაოდენობის გაზრდას.

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოთხვნა იზრდება სასტუმროებზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში. შიდა ტურიზმიც ამოძრავდა, ასევე ყოველკვირეულად იზრდება უცხოელ ტურისტთა ჯავშნები. განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ყაზახეთიდან და ამას ხელი შეუწყო ახალმა ავიარეისებმა. დიდი მოთხოვნაა ჩვენს სასტუმროებზე იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს“-განაცხადა ქეთი მიქაშავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები