მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შიდა ფრენებთან დაკავშირებით კომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ" - ირაკლი ქარქაშაძე

644e363021d0d
მარიამ იზორია
30.04.23 16:50
754
როგორც უკვე ცნობილია საქართველოს მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებას 2023 წელსაც აგრძელებს და შიდა საჰაერო გადაყვანას რამდენიმე მილიონი ლარით დაასუბსიდირებს. ახალი ტენდერის გამოცხადებას კი საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წლის პირველ ნახევარში გეგმავს და შიდა ფრენების სუბსიდირებას 8 მლნ ლარით დააფინანსებს. ბოლო წლებია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს AK-Air Georgia იგებს, რომელიც ფრენებს ქვეყნის შიდა აეროპორტებიდან ასრულებს.

რა ეტაპზეა ახალი ტენდერი და თუ არიან ამ დროისთვის AK-Air Georgia-ს გარდა, მასში მონაწილეობით დაინტერესებულები სხვა კომპანიები? – “საქმიანი დილას” ამ შეკითხვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა უპასუხა.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში არიან და კონკრეტული დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ქარქაშაძე კონკრეტულ კომპანიებს ჯერჯერობით არ ასახელებს.

„შიდა ფრენებთან დაკავშირებით ჩვენ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მათ შორის არის AK-AIR Georgia-ც. უახლოეს მომავალში კი დავაანონსებთ კონკრეტულ მიმართულებებსა და კონკრეტულ ავიაკომპანიას, რომელიც შეასრულებს ფრენებს და, რა თქმა უნდა, ამისთვის ტენდერს გამოვაცხადებთ.

დაინტერესებული არიან კომპანიები, შესაბამისად, სხვდასხვა შესაძლებლობას განვიხილავთ“ - აცხადებს ქარქაშაძე.

ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რადგან Service Air-ში შემავალმა კომპანიამ 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

როგორც Service Air-ის აღმასრულებელი დირექტორი „საქმიან დილასთან“ აცხადებს, კომპანია ტენდერის მოლოდინშია. იგორ აფციაურის თქმით, მნიშვნელოვანია ტენდერი დროულად გამოცხადდეს, რათა კომპანიამ გადაწყობა შეძლოს. აფციაურის განმარტებითვე, ტენდერისთვის კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან აწარმოებენ.

„ჩვენ უკვე გამოვხატეთ ჩვენი მზად ყოფნა და ინტერესი ტენდერთან დაკავშირებით. მოლოდინის რეჟიმში ვართ, იმიტომ, რომ დრო უკვე იწურება და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დროულად მოხდეს.

კონსულტაციებისა და შეხვედრების დროს, ჩვენ მივაწოდეთ ის პირობები, თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ ოპერირების განხორციელებას და როგორ უნდა გაუმჯობესდეს პირობები უპირველესად მგზავრებისთვის.

ჩვენი ინფორმაციით, თითქოს, ახალი მიმართულებებიც უნდა დაემატოს“ - ამბობს იგორ აფციაური.

შიდა ფრენებთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა 2022 წლის ბოლოს, მაგალითად, საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალ ტენდერში სახელმწიფო სუბსიდია ახალ მიმართულებებზეც გავრცელდებოდა,. კერძოდ, საუბარი იყო თელავი-მესტიისა და თელავი ბათუმის მიმართულებებზე, რომელიც არსებულ შიდა ფრენებს უნდა დაემატოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები