"სილქნეტის" მიერ დაარსებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიზანია, დაეხმაროს სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში დაშავებულ მებრძოლებს, ვეტერანი იქნება ეს თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. ეს მხარდაჭერა ემსახურება ბენეფიციარების რეაბილიტაციას და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.
როცა 2018 წელს, კომპანია "სილქნეტის" ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი შეიქმნა, ამ წამოწყებას ბევრი ორგანიზაცია და ცალკეული მოქალაქეები მნიშვნელოვანი შემოწირულობებით შეუერთდნენ. საერთო ძალისხმევით, დღეისათვის 2 500 000 ლარამდე თანხა მოხმარდა დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს. თავად სილქნეტი ფონდის მთავარი დონორია და ყოველწლიურად 300 000 ლარს გამოყოფს ფონდისთვის.
ყოველწლიურად ეს კონტრიბუცია მზარდია, რაც საშუალებას აძლევს ფონდს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, ვინც მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღო, აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დააფინანსოს მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსები, ოპერაციები, უზრუნველჰყოს მედიკამენტებით, საცხოვრებელი ფართის ადაპტირებით, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებით და სხვა.
ფონდის დაარსებიდან დღემდე 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფინანსებული. დახმარება გაეწია ასობით დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესა და ვეტერანს, მათ არასრულწლოვან შვილებს. საერთო ძალისხმევით გაღებულმა ჯამურმა თანხამ დღეისათვის 2,073,455.74 ლარი შეადგინა. 2018-დან 2023 წლის ჩათვლით სილქნეტის კონტრიბუცია 1 000 000 ლარია.
მიმდინარე წლის საქმიანობის ფარგლებში, ფონდმა, თავდაცვის სამინისტროსთან თანადაფინანსებით, უკვე უზრუნველჰყო 5 დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ოპერაცია თურქეთის კლინიკაში. სამედიცინო მომსახურების ჯამურმა ღირებულებამ 24 500 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოში დაფინანსდა სამედიცინო რეაბილიტაციის ორი კურსი და ოთხი ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ვეტერანებისათვის. ამისათვის ფონდის ბიუჯეტიდან 7 000 ლარამდე თანხა იქნა გამოყოფილი. მთლიანად, მიმდინარე წელს, ფონდმა დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად 210 973 ლარი გაიღო.
თუკი აქამდე ფონდის მხარდაჭერა ვრცელდებოდა დაჭრილ მებრძოლებსა და მათ არასრულწლოვან შვილებზე, 2023 წლიდან დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც იღებენ. მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამაც. ამ მიზნით, ფონდი იწყებს აქტიურ შეხვედრებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან. ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა დაეხმარება ფონდის ქალ ბენეფიციარებს შეიძინონ ახალი პროფესია, ცოდნა და გამოცდილება, გახდნენ მეწარმეები და თავად შეძლონ ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციარებს დაუფინანსდათ British Corner-ის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, რომელსაც ამჟამად სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები გადიან.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ სხვადასხვა ორგანიზაცია და საერთაშორისო ფონდები უჭერენ მხარს. ფონდთან თანამშრომლობენ საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დონაციაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, ასევე უცხოური კომპანიები, ცალკეული ბიზნესმენები და მოქალაქეები უერთდებიან პირადი შემოწირულობით.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“, ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობით, მჯდომარე კალათბურთის ეტლები შეიძინა, რომელიც გადაეცემა დაჭრილ მებრძოლთა გუნდს. გუნდი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და 2014 წლიდან მონაწილეობს „ინვიქტუსის მებრძოლთა თამაშებში“. წელს „ძლიერთა თამაშები“ იმართება სექტემბერში, დუსელდორფში. ჩვენი მებრძოლების გუნდი აქტიურად ემზადება ამ ასპარეზობისთვის.
როგორ შევუერთდეთ ქველმოქმედებას:
0 901 777 771 ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელიდან შემოსული თითო ზარით სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე 1 ლარი. ნომერი აქტიურია სხვა ქსელების აბონენტებისთვისაც.
დონაციის განხორციელება შესაძლებელია, ასევე, ფონდის ვებ გვერდიდანაც www.wwsf.ge
(რ)