მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სკიჯი" $70 000-ის მოცულობის ინვესტიციით ახალ საწარმოს აშენებს

624eddb038ecb
მარიამ იზორია
08.04.22 00:30
1423
ჩირის მწარმოებელი კომპანია “სკიჯი” ახალ საამქროს აშენებს. როგორც bm.ge-ს “სკიჯის” დამფუძნებელმა დარეჯან ბერძენიშვილმა განუცხადა, პროექტის ჯამური ინვესტიცია $70 000-ია და ის USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება, კერძოდ, ორგანიზაციამ მათ ევროპული მანქანა-დანადგარები შეუძინა.

მისივე თქმით, საამქრო, რომელიც წლიურად 4 ტონა პროდუქტის წარმოებას შეძლებს, მაისის ბოლოს ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ “სკიჯი” მალე ახალი პროდუქტების წარმოებასაც დაიწყებს. ეს იქნება ბავშვებისთვის განკუთვნილი ჩირის კანფეტები, სპეციალურად დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ხემსები და ე.წ ფიტნერბარები. ამ დროისთვის კომპანია USAID-ის დახმარებით სერტიფიცირების პროცესს გადის, უახლოეს მომავალში კი “სკიჯი” ქსელურ მარკეტში შესასვლელად და შემდგომ უკვე ექსპორტზე გასასვლელად იქნება მზად.

“გურულ ოდაში ყველანაირი სტანდარტების შესაბამისი პატარა საამქრო ავაშენეთ. აქამდე წარმოება სახლის პირობებში - ჩვენივე სამზარეულოში მიმდინარეობდა. USAID-ის დახმარებით ევროპული მანქანა-დანადგარები შევიძინეთ. წელს ადგილზე შრობა დავიწყეთ, თუმცა პარალელურად მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული საამქრო ძველი, ავთენტური სტილის იქნება. ექნება როგორც საწარმო, ასევე ტურისტული დატვირთვა”, - ამბობს “სკიჯის” დამფუძნებელი.

ცნობისთვის: “სკიჯის” წარმოება გურიაში 2015 წელს დაფუძნდა. ამ დროისთვის, კომპანიის წარმოებული მანდარინის, ფორთოხლის, ლიმნის, კივის, ფეიხოასა და სხვადასხვა ხილის ჩირი ონლაინ იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები