მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"SOCAR-ში საწვავზე დაბალი ფასი მოგების მცირე მარჟითაა განპირობებული" – გენერალური დირექტორი

630331c332417
გიორგი თოლორდავა
22.08.22 11:38
4884
გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე საწვავის ფასები კიდევ ერთხელ გახდა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეკომენდაციით, აღნიშნული მიმართულებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევაც დაიწყო.

მაღალი ეკონომიკური ეფექტიდან გამომდინარე, საწვავის ღირებულება მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, მოსახლეობას კი აინტერესებს, როდის პოვებს აღნიშნული ტენდენცია ასახვას ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე.

სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიის - SOCAR Georgia Petroleum-ის გენერალურ დირექტორს, ნოდარ ყანჩაველს მივმართეთ.

BM.GE-სთან ინტერვიუში ნოდარ ყანჩაველმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბაზართან შედარებით დაბალი ფასები SOCAR-ის მოგების მცირე მარჟითაა განპირობებული, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ხელსაყრელი ფასები შესთავაზოს. სწორედ აღნიშნული საფასო პოლიტიკისა და საწვავის ხარისხის წყალობით, SOCAR-ის მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.


გთავაზობთ ინტერვიუს ნოდარ ყანჩაველთან:


ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებთან შედარებით, SOCAR-ში საწვავის თითქმის ყველაზე დაბალი ფასებია. როგორ ახერხებთ ამას, რის ხარჯზე ამცირებთ ფასებს?

ჩვენთან დაბალი ფასები, ძირითადად, განპირობებულია ჩვენი მცირე მარჟით, რითაც ვცდილობთ, რომ ფასი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის. თებერვლიდან დაწყებულმა კრიზისმა გავლენა იქონია საწვავის ფასებზე, შესაბამისად, ვითვალისწინებთ ისედაც გაზრდილ ფასებს და ვცდილობთ, ნაკლები მოგების ხარჯზე შევინარჩუნოთ ლოიალური კლიენტები და გავზარდოთ მათი რაოდენობა. კარგად გვესმის ის ფაქტორი, რომ ადრე თუ გვიან, გადაივლის ეს კრიზისი. გვინდა, მომზადებულები დავხვდეთ ფასების დასტაბილურების პერიოდს, ლოიალურ კლიენტთა გაზრდილი რაოდენობით. მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს მომხმარებლების რაოდენობის კუთხით. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ბაზარზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა. ეს შედეგი სწორმა საფასო პოლიტიკამ და საწვავის მაღალმა ხარისხმა განაპირობა, რითაც მუდმივად ვიზიდავთ ახალ მომხმარებლებს.


მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მოკვლევა დაიწყო. როგორია თქვენი, როგორც ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის შეფასება და პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა, რადგან საწვავის ფასები ძალიან სენსიტიური საკითხია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით. საკითხს აუცილებლად სჭირდებოდა შესწავლა. კარგია რომ კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა საკითხი და მოამზადა დასკვნა. ეს დასკვნა გასაჯაროვდა და ახლა მომხმარებლისთვის უფრო ნათელი გახდა, რისგან შედგება საწვავის ფასი, რა განაპირობებს ასეთ მაღალ ფასს ბაზარზე და ა.შ. ვფიქრობ, რაც უფრო საჯარო იქნება ასეთი საკითხები, მით ნაკლები აგრესია იქნება საწვავის იმპორტიორების მიმართ. ასევე, ხელისუფლების მიმართაც. ვინც კარგად ერკვევა საწვავის ფასწარმოქმნაში, მან იცის, რომ საერთაშორისო პლაცის ფასი არის ის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ახდენს გავლენას საწვავის თვითღირებულებაზე. სამწუხაროდ, 2022 წელი ამ მხრივ რთული აღმოჩნდა.


საზოგადოების ნაწილისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ფორმირებას უშუალოდ განსაზღვრავს საერთაშორისო ბირჟა, თუმცა მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ იმპორტიორ კომპანიებს შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება და სწორედ ამ მოსაზრებას, გარკვეულწილად, ამყარებს პრემიერის ბოლო განცხადებებიც. თქვენი შეფასებით, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა საწვავის ფასებთან მიმართებით და უნდა ჰქონდეს თუ არა მოსახლეობას სკეპტიკური დამოკიდებულება ბაზრის ზოგიერთი მოთამაშის მიმართ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი აზრით, რაც უფრო კარგად იქნება მომხმარებელი გარკვეული ამ ინდუსტრიაში, ასევე, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება მოწოდების სრული ჯაჭვი, მით ნაკლები აგრესია იქნება საწვავის იმპორტიორი კომპანიების მიმართ. შეთანხმებას რაც შეეხება, არანაირი შეთანხმება არ სჭირდება ამ ბიზნესს. ეს სექტორიც მუშაობს ისე, როგორც ყველა დანარჩენი. კონკურენტული ბაზრის გათვალისწინებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. სხვანაირად არც ერთი ბიზნესი არ მუშაობს მსოფლიოში.


უახლოეს განჭვრეტად მომავალში მოსალოდნელია თუ არა ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირება და დაახლოებით რა დიაპაზონში უნდა ველოდეთ კორექციას?

სოკარმა მხოლოდ აგვისტოში უკვე გააკეთა ფასის 30 თეთრიანი კორექტირება, ანუ 30 თეთრით უკვე შევამცირეთ საწვავის ფასი. ვფიქრობთ, რომ სექტემბერში კიდევ იქნება საშუალება მინიმუმ 20-30 თეთრით საწვავის გაიაფების. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟაზე დაფიქსირებულ ფასებზე. იმედს ვიტოვებ, რომ სექტემბერში ამ მხრივ პოზიტიური ცვლილებები იქნება.


საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნედლ ნავთობთან მიმართებით დაღმასვლის საკმაოდ მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება როგორც მიმდინარე, ასევე ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებით. თქვენი შეფასებით, რამდენ კვირაში დავინახავთ ამ ტენდენციის ასახვას ადგილობრივ ბაზარზე?

ეს ცვლილებები უკვე აისახა ჩვენს ფასებზე და მოსალოდნელია, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში კიდევ მოხდეს რამდენიმე პოზიტიური საფასო ცვლილება. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით საერთაშორისო პლაცზე არსებულ ტრენდს და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.


გლობალური გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორია თქვენი მოლოდინი ნავთობის საერთაშორისო ფასებთან მიმართებით - სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ფასების შემცირების ტენდენცია და რომელ ფაქტორებს მიიჩნევთ პოტენციურ გამოწვევებად?

ამ ეტაპზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რამაც შეიძლება, დადებითი, ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს ამ საერთაშორისო ფასზე, ისევ და ისევ რუსეთ-უკრაინის ომია. იმედს ვიტოვებ, ომი მალე დასრულდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ომმა არამარტო საწვავის ფასებზე იქონია გავლენა. იცით, ალბათ, როგორი საფასო ცვლილებებია ლოჯისტიკაში, საკვებ პროდუქტებზე და ა.შ.


ბენზინის გაიაფების ფონზე, დიზელის ტიპის საწვავის ფასი ისევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. რა იწვევს ამას, რა ფაქტორები დგას დიზელის მაღალი ფასის უკან?

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დიზელის ტიპის საწვავის ყველაზე დიდი იმპორტიორი სოკარია. იქიდან გამომდინარე, რომ 2022 წლის გაზაფხულზე სოკარის ბაქოს ქარხანამ გადაიარაღების პროცესი დაიწყო, რათა ევრო 5 ხარისხის საწვავის წარმოება შეძლოს, საჭირო გახდა, დროის გარკვეული პერიოდით, ქარხნის ოპერირების შეჩერება. ჩვენი მოლოდინია, რომ ქარხანა მალე შეძლებს დაასრულოს ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი და დროულად აღდგება ქვეყანაში დიზელის მოწოდება. საბოლოო ჯამში, მივიღებთ უმაღლესი ხარისხის დიზელის ტიპის საწვავს. ეს, თავისთავად, გამოიწვევს ფასების მნიშვნელოვან კლებას, არამარტო საწვავზე, არამედ სხვა სახის სერვისებზე და პროდუქტებზე, რის თვითღირებულებაშიც საწვავი მონაწილეობს. ზოგადად, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ბიძგი იქნება სოკარის ევრო 5 ტიპის საწვავის შემოსვლა საქართველოში.


რა დამატებით უპირატესობებს იღებენ SOCAR-ის ერთგული მომხმარებლები?

სოკარი თავის ერთგულ მომხმარებელს ენერჯი ბარათს სთავაზობს, რომლის აღებაც უფასოა სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე. ენერჯი ბარათს სამი მთავარი ფუნქცია აქვს - ფასდაკლება, დაგროვება და გადახდა. ყოველ ერთ ლიტრ ბენზინსა და დიზელზე მომხმარებელი 10 თეთრიან ფასდაკლებას იღებს, პარასკევსა და შაბათს კი 15 თეთრიანს. პარალელურად, ყოველი ლიტრის შეძენისას, მომხმარებელს ბარათზე 3 ქულა უგროვდება. დაგროვილი ქულების გამოყენება შეიძლება როგორც სხვადასხვა მერჩანტთან, ისე საწვავის შეძენისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები