“ჯერჯერობით სახელმწიფოს არ შეუცვლია დამოკიდებულება შემზღუდავი ღონისძიებების მიმართ, მაგრამ ძალიან სწორი იქნება, თუ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობას აღვადგენთ, რადგან სწორედ დახურული სივრცე არის კორონავირუსის გადაცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კერა,” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს საერთოდ არ იცავენ.
“უსაფრთხოების წესებს ადამიანები არც მაშინ იცავდნენ, როდესაც ქვეყანაში ამის ვალდებულება არსებობდა. ზოგადად, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა, ფაქტობრივად ყველამ გადაწყვიტა, რომ ნიღბის ტარებაზე უარი ეთქვა. რა თქმა უნდა, ამის საფუძველიც არსებობდა, რადგან ყოველკვირეულად მცირდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი, ეპიდვითარება კი დასტაბილურებისკენ მიდიოდა, თუმცა დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მცირედით, თუმცა მაინც გაუარესებულია,” - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და პირბადის სავალდებულოდ შემოღებასთან დაკავშირებით განხილვა დაიწყება.
“შეზღუდვების გამკაცრება/შემსუბუქების მიმართულებით გადაწყვეტილებას იღებს იმუნიზაციის საბჭო და ეს შეხვედრა იგეგმება მაშინ, როდესაც ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ გვექნება, იმუნიზაციის საბჭოზე ამ თემას განვიხილავთ. რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, ინფიცირების თუ რა მაჩვენებელია ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ თუ ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევა იქნება, მაშინ ჩვენ სავარაუდოდ მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.