ოჯახური საქმიანობა, ბაბუის ნასწავლი პროფესია და ფუტკრის სიყვარული ბიზნესად იქცა. გვანცა ჭაბუკიანმა GITA-ს გრანტით და საკუთარი ინვესტიციით თაფლის საწარმო აამოქმედა, სადაც მალე სხვა მეფუტკრეების თაფლსაც გადაამუშავებს, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და თაფლის სხვადასხვა პროდუქციის წარმოებას და სასწავლო ჯგუფების მიღებასაც გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება ბავშვებსაც გაუზიაროს.
როგორც "თაფლი ლეჩხუმიდან"-ის დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, მისი თაფლი ამჟამად სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში რეალიზდება, თუმცა შეკვეთებს უცხოეთიდანაც იღებს.
"საწარმო ავამოქმედეთ; დავნერგეთ HACCP სტანდარტი და უვადო აღიარებაც მოვიპოვეთ. უკვე მუშაობის პროცესში ვართ და ამჟამად 3 ტონა თაფლს გადავამუშვებთ, თუმცა გაზაფხულიდან ადგილობრივ მეფუტკრეებსაც მოვემსახურებით და მათ პროდუქციასაც მივიღებთ. თაფლთან ერთად, ვაწარმოებთ თაფლის საპონს, ფუტკრის რძეს და კიდევ რამდენიმე პროდუქციას, რომლის დამუშავების პროცესშიც ახლა ვართ. მოვაწყვეთ ფუტკრის სახლიც, სადაც ფუტკარს ჰაერით და ვიბრაციით ვმკურნალობთ და გაზაფხულიდან აქ სასწავლო ჯგუფებსაც მივიღებთ, რადგან ბაშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლოთ ეს პროფესია და შევაყვაროთ ფუტკარი.
ჩვენი თაფლი მარკეტებში, ჯერჯერობით, არ იყიდება, თუმცა რადგან საწარმო ავამოქმედეთ, ამაზეც ვიზრუნებთ. ამჟამად კი სხვადასხვა ქალაქსაა და რაიონში ვაგზავნით მოთხოვნის შესაბამისად; შეკვეთებს ვიღებთ უცხოეთდანაც - ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან", - განაცხადა გვანცა ჭაბუკიანმა.
მთავარი მიზანი ლეჩხუმში თაფლის ტურიზმის განვითრებაა. მისივე ცნობით, ამ რაიონს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აქ თაფლოვანი მცენარებიიც მრავლადაა და ამ საქმიანობითაც ბევრი ადამიანია დაინტერესებული.
რისკებზე საუბრისას გვანცა ჭაბუკიანი ამბობს, რომ მთავარი სირთულე რეალიზაციის პროცესში წარმოიქმნება და ამის გადაჭრის ერთადერთი გზა თაფლის ხარისხის გაუმჯობესებაა, რაზეც თავად მეფუტკრეებმა უნდა იზრუნონ.
"რეალიზაცია ცოტა ჭირს; ბოლო ერთი წელია უფრო გამოსწორდა სიტუაცია, მაგრამ კარგი იქნებოდა, მეფუტკრეები საზიანო პრეპარატებს არ იყენებდნენ და თაფლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავდნენ, რადგან ასე მოთხოვნაც გაიზრდებოდა", - აცხადებს გვანცა ჭაბუკიანი.
"თაფლი ლეჩხუმიდან’’ მალე ბიოწარმოებაზე გადასვლასაც გეგმავს. ამჟამად კი ფუტკარს მხოლოდ მჟავებით მკრუნალობს და ქიმიურ პრეპარატებს არ იყენებს.
აღსანიშნავია, რომ საწარმოს ასამოქმედებლად 200 000 ლარი იყო საჭირო; აქედან 100 000 ლარი დამფუძნებლის პირადი ინვესტიცია იყო, რომლითაც საწარმოს შენობა აშენდა, 100 000 ლარი კი GITA-ს გრანტი, რომლითაც საწარმო აღიჭურვა თანამედროვე დანადგარებით. ამჟამად საწრმოში 4 ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, "თაფლი ლეჩხუმიდან’’-ს წარმოებული 1 კგ თაფლის ღირებულება 12-15 ლარის ფარგლებში მერყეობს.




























