მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანაინვესტირების ფონდის" აქტივების მმართველმა "ჯი სი ეფ პარტნერსმა" ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა

5f6f2a93caa3b
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.20 15:32
2594
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია, “ჯი სი ეფ პარტნიორებმა”, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ “თანაინვესტირების ფონდს” მართავს, 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, ფონდის მმართველი კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 6,347,000 ლარი, წმინდა მოგება კი -1,089,000 ლარი. ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ კომპანიის შემოსავალი 2018 წელთან შედარებით 1 მლნ ლარით, წმნიდა მოგება კი ნახევარი მილიონი ლარით არის შემცირებული.

"თანაინვესტირების ფონდს" მფლობელობისა და მმართველობის რთული სტრუქტურა აქვს: ის კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და რამდენიმე შვილობილის გავლით ფუნქციონირებს, მათგან ერთი ლუქსემბურგშია დაფუძნებული, აქტივების მართვას კი გაფორმებული შეთანხმებების თანახმად, "ჯი სი ეფ პარტნიორები" ახდენს.

ფონდის პროექტებს შორისაა “გალერია თბილისი”, “მტკვარის ჰიდროელექტროსადგურის”, “ონის ჰესების კასკადისა” და “ცხენისწყლის ჰესის” პროექტი ეკუთვნის. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფონდი ფლობს “საქართველოს სათბურის კორპორაციას”, “პლანტას” და “გეოაგროს”, მრეწველობის მიმართულებით კი არის “ჰაიდელბერგცემენტის” თანაინვესტორი.

უძრავი ქონების მიმართულებით ფონდის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი “აქსის თაუერსია”.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანია “ჯი სი ეფ პარტნიორებმა” 2014 წელს დადო საინვესტიციო აგენტისა და ინვესტიციების მართვის ხელშეკრულებები GCF Luxembourg SARL-თან („Luxco“, შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანია, დაფუძნებული და მოქმედი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს კანონმდებლობის შესაბამისად) და GCF GP-ისთან (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, დარეგისტრირებული კაიმანის კუნძულების კანონმდებლობის შესაბამისად).

დოკუმენტის მიხედვით, აქტივების მმართველი კომპანია “ჯი სი ეფ პარტნიორების” ვალდებულებები თანაინვესტირების ფონდის წინაშე ასეთია:

• Luxco-მ კომპანია დანიშნა აგენტის, აქტივების მართვის და დამხმარე მომსახურების გასაწევად, რაც მოიცავს Luxco-სთვის რეკომენდაციების გაწევას ინვესტიციების შეძენა, განკარგვა და რეალიზაციასთან მიმართებაში. გარდა ამისა, კომპანიამ, Luxco-ს მოთხოვნისამებრ, უნდა განახორციელოს აქტივების მართვის მომსახურება ან საინვესტიციო კონსულტაციები Luxco-ს, საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანიების თუ Luxco-სთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა მექანიზმით ერთ ან მეტ განხორციელებულ ინვესტიციასთან მიმართებაში და მათ სასარგებლოდ. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს ყოველწლიური ანაზღაურება („აგენტის საკომისიო“), რომელიც არის უდიდესი თანხა შემდეგიდან: (i) შენატანების 0,5% (Luxco-ში პარტნიორობის მიერ განხორციელებული ჯამური შენატანი თანხა) და (ii) სააღრიცხვო პერიოდში კომპანიის მიერ Luxco-სთვის მომსახურების გაწევისას დარიცხული ხარჯი (რომელიც ამ მიზნისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2.5 მილიონ აშშ დოლარს ნებისმიერი სააღრიცხვო პერიოდისთვის, თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული Luxco-ს მიერ, საკუთარი შეხედულებისამებრ), გამოკლებული შენატანების 0.1%.

• GCF GP-მ კომპანია დანიშნა პარტნიორობასთან დაკავშირებული საინვესტიციო რჩევების და დამხმარე მომსახურების გასაწევად, რაც მოიცავს გენერალური პარტნიორისთვის რეკომენდაციების მიცემას ინვესტიციების შეძენა, განკარგვა და რეალიზაციასთან მიმართებაში. გარდა ამისა, კომპანიამ, გენერალური პარტნიორის მოთხოვნისამებრ, უნდა განახორციელოს საინვესტიციო კონსულტაციები ან სხვა მომსახურებები პარტნიორობის, საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანიების თუ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა მექანიზმით ერთ ან მეტ განხორციელებულ ინვესტიციასთან მიმართებაში და მათ სასარგებლოდ. კომპანია უფლებამოსილია მიიღოს ყოველწლიური ანაზღაურება („ინვესტიციების მართვის საკომისიო“), რომელიც უდრის ყველა შეზღუდული პარტნიორის მიერ პარტნიორობაში მთლიანი კაპიტალური შენატანების 0.1%-ს და რომელიც პარტნიორობის მიერ ინვესტირებულია Luxco-ში:

2017 წელს კომპანიამ დადო ზოგადი მმართველობითი მომსახურების და წილების მართვის ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ (GTDF), ხოლო 2018 წელს, კომპანიამ წილების მართვის ხელშეკრულება დადო Luxco-ს რამდენიმე ჰოლდინგურ კომპანიასთან.

საერთო მართვის მომსახურების შეთანხმებები კომპანიას უფლებას აძლევს წარმართოს, იყოს ჩართული, განახორციელოს მონიტორინგი და ზედამხედველობა მართვაში მყოფი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობისა. წილის მართვის შესახებ შეთანხმებები ეხება GTDF-ის და Luxcoს ჰოლდინგური კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს მათ შვილობილ კომპანიებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი საქმიანობის ჯეროვნად წარმართვა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში ყოფნა. საერთო მართვის მომსახურების გაწევისთვის ანაზღაურება დამოკიდებულია პროექტის შეფასებულ დანახარჯებზე, რომელიც მოიცავს შეფასებულ ინვესტიციებს, ხოლო წილის მართვისთვის ანაზღაურება ფიქსირებულია და განსაზღვრულია ხელშეკრულებით. წილის მართვის ხელშეკრულებები GTDF-თან შეწყდა 2018 წლის აპრილში,"- ნათქვამია დოკუმენტში.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის აქტივების მოცულობა 11,543,000 ლარია. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილი გიორგი ბაჩიაშვილს ეკუთვნოდა, ანგარიშგების მომზადების პერიოდისთვის კი, მისი მმართველი ცოტნე ებრალიძე იყო.

ჯერ-ჯერობით თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებს 2019 წლის ფინანსური შედეგები საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები