მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ცენტრალის" დირექტორი: ჯერჯერობით, ჩაკეტვაზე საუბარი არ არის

607457b24d2ed
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 09:00
999
სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი BM.GE-სთან საუბრისას მთავრობის მიერ 4-11 მაისის პერიოდის „უქმე დღეებად" გამოცხადების საკითხს ეხმიანება, რომელიც რეალურად აღდგომის დღესასწაულების გამო 30 აპრილიდან დაიწყება და 13 მაისამდე გასტანს, რადგან 12 მაისს ქვეყანაში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავენ და ისედაც უქმეა, შესაბამისად, უქმეები 13 დღე გაგრძელდება.

ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ შეეხება თუ არა ბიზნესებს „უქმე დღეების“ გამოცხადება, ამაზე კერძო სექტორს მთავრობის მხრიდან არანაირი მითითებები და მინიშნებები არ მიუღია.

„იმაზე საუბარი, რომ დავიკეტოთ, მსგავსი რამ არსად გაჟღერებულა და არ გაგვიგია. შეიძლება გამოცხადდეს ჩვეულებრივი არდადეგები, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ დავიკეტოთ, ჯერჯერობით, არ არის. სავაჭრო ცენტრებს აქვთ მუშაობის უფლება, აქ საუბარია დაკეტავენ თუ - არა, რაზეც ლაპარაკი არ არის. უფრო იმის მოლოდინი გვაქვს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გააჩერებენ. მოლები რომ დაკეტონ და 2 კვირა გააჩერონ, ამ ინდუსტრიისთვის დიდი დარტყმა იქნება.

სხვადასხვა დარგის ბიზნესასოციაციების პოზიციაა, რომ მსგავსი შესაძლო დახურვის გადაწყვეტილებები ჩვენთვის მიუღებელია. ვფიქრობთ, ჩაკეტვით არ ჩაგვკეტავენ, რადგან თავადაც (ხელისუფლებამ) კარგად იციან, რამხელა დარტყმა იქნება ეს ყველა სექტორისთვის“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, სავაჭრო ცენტრების საქმიანობაზე ეს ნეგატიურად აისახება.

„სააღდგომო პერიოდი, ტრადიციულად, დაბალინტენსიური პერიოდია, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგიონებში გადის და, შესაბამისად, ამ პერიოდის გახანგრძლივებაზე იქნება საუბარი. მობილობის შემცირების კუთხით დღეს, ამ მოცემულობაში, შესაძლებელია, ტრანსპორტი შეზღუდონ. არანაირი აუცილებლობა, რომ მოლები დაიკეტოს, არ არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა ბიზნესს დაარტყამს, თუმცა გახსნილი მოლის შემთხვევაში გაყიდვები მაინც იქნება და ქეშის შემოდინება გაგრძელდება“, - უთხრა BM.GE-ის „თბილისი ცენტრალის“ ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები