მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისიდან რეგიონში გადავედი, აქ მეტი პერსპექტივაა" - იმერეთში "ღვინიალური" გაიხსნა

62164217458a1
მარიამ იზორია
23.02.22 22:00
1580
იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში ახალი ტურისტული ლოკაცია “ღვინიალური” გაიხსნა.

სტუმარ-მასპინძლობის ობიექტი ღვინის, ეკო და ეთნო ტურიზმის მიმართულებით ოპერირებს და სტუმრებს ადგილზე დამზადებული სამი სახეობის იმერულ ღვინოსა და ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ “ღვინიალურის” დამფუძნებელი ალექსანდრე პაიკიძე თბილისიდან საცხოვრებლად რეგიონში გადავიდა და ტურისტული ობიექტის მოწყობას დაახლოებით 2 წელი მოანდომა.

როგორც ის bm.ge-სთან აღნიშნავს, ტურისტული სივრცე 1 ჰექტარს აერთიანებს, სადაც ნახევარი ჰექტარი ვენახებს უკავია. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ობიექტზე თხის ფერმაც მოეწყობა და სტუმრებს ადგილობრივი წარმოების თხის ყველსაც შესთავაზებენ.

რაც შეეხება “ღვინიალურის” მომსახურების პაკეტების ფასებს, ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციის ღირებულება 30 ლარიდან იწყება.

“2 წელია, რაც თბილისიდან ამ ლამაზ ადგილას საცხოვრებლად გადმოვედი. ვფიქრობ, აქ მეტი პერსპექტივაა. დიდია თუ პატარა, შენი საკუთრებაა, სადაც იმ მიზნების რეალიზება შეგიძლია, რომელიც დიდი ხანია გაქვს.

ბაღდათში უპირველესად მიწა შევიძინე, შემდგომ სახლის შენება და ვენახის მოწყობა დავიწყე. ღვინის ტურიზმში საქმიანობის დიდი გამოცდილება მაქვს, შესაბამისად ეს მიმართულება ჩემთვის ახალი არ არის. "ღვინიალურში" სტუმარს ღვინითა და ჭაჭით, ასევე ქართული კერძებით ვუმასპინძლდებით. მომხმარებელი ამ კერძების მომზადების პროცესის მომსწრე თავად ხდება, ხედავს, რომ მჭადი და მწვადი მართლა კეცზე, ლობიო კი ქოთანში მზადდება, ეს ძალიან მოსწონთ”, - ამბობს ალექსანდრე პაიკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები