მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თელივერი“ - პანდემიის დროს თელავში პირველი დელივერი სერვისი ამოქმედდა

6006c3eb71241
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.21 15:56
4248
პირველი "ლოქდაუნის" შემდეგ, კახეთში, კერძოდ, თელავში პირველი მიტანის სერვისის კომპანია „თელივერი“ ამოქმედდა.

თბილისიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ვასილ ნაგრუდნიმ გადაწყვიტა, რომ მიტანის სერვისზე მოთხოვნა რეგიონშიც მაღალი იქნებოდა და პარტნიორთან, ლევან მესხიშვილთან ერთად დელივერი სერვისის საცდელი მოდელი სულ რაღაც 40 ლარით 28 ივნისს წამოიწყო. ინეტერესი იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ეგონათ. „პანდემიის პირობებში დედაქალაქიდან მშობლიურ ქალაქში - თელავში მომიწია დაბრუნება. პირველი ლოქდაუნის დროს მკაფიოდ ვიგრძენი მიტანის სერვისის უკმარისობა ქალაქში. იდეა მანამდეც გვქონდა, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით, კოვიდის პირობებში მიტანის სერვისზე გაზრდილმა მოთხოვნამ კი დაგვანახა, რომ თელავში დელივერი სერვისის ამოქმედების დრო იყო. ასე ავამოქმედეთ პარტნიორებმა მიტანის სერვისი - „თელივერი“, - იხსენებს BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ვასილ ნაგრუდნი.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა და გაძლიერდა, რის შედეგად დღეისთვის „თელივერი“ 17 ადამიანს ასაქმებს.

„კომპანია სრულად პირადი რესურსით ამოქმედდა და საწყისი თანხა, რომლითაც ოპერირება დავიწყეთ, დაახლოებით, 40 ლარი იყო. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მალევე დამატებითი თანხების მობილიზება მოვახერხეთ და დღეისთვის ინვესტიციის მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს, რაც მოპედების, თერმო ჩანთების შესყიდვას, მომსახურების ტექნიკური ნაწილის გამართვას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს მოხმარდა“, - ამბობს „თელივერის“ დირექტორი.

დღეისთვის, მიტანის სერვისი თელავის მასშტაბით 18-მდე კომპანიას ემსახურება და დღიურად 120-მდე შეკვეთას ასრულებს. ვასილ ნაგრუდნი აღნიშნავს, რომ ზაფხულში ამოქმედებული მიტანის სერვისის თელავში მოქმედი კომპანიებისთვის მეორე ლოქდაუნის პირობებში მაშველ რგოლად იქცა, რომლის საშუალებით, კომპანიები არ გაჩერებულან.

„ობიექტები, ვისთანაც ვთანამშრომლობდით, თავიდანვე იყვნენ რესტორნები, მაღაზიების და აფთიაქები. რაც შეეხება შეკვეთებს, ჩვენთვის გასაკვირი იყო, რომ პირველივე დღეს 5-დან 10 შეკვეთამდე მივიღეთ, დღეისთვის კი შეკვეთების რაოდენობა 120-მდეა ასული. თავდაპირველად პარტნიორობის დაწყებისას გარკვეულ წინააღმდეგობებს შევხვდით, რადგან ახალი პარტნიორების მოძიება და თავის დამკვიდრება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, დღეისთვის 18-მდე კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ლოქდაუნის პირობებში ამ სერვისის შეთავაზება კომპანიებისთვის დახურვის თავიდან აცილების შესაძლებლობა გახდა. დღესაც ყოველდღიურად ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს ბევრი კომპანია გამოთქვამს. მიტანის სერვისმა პანდემიის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა", - აცხადებს ვასილ ნაგრუდნი.

კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათთვის ხარისხი უპირველესია და ცდილობენ, როგორც კომპანიებს, ასევე მომხმარებლებს სერვისი მისაღები პირობებით და მაღალი ხარისხით მიაწოდონ.

„ბიზნესის დაწყებისთანავე მოგებაზე არ ვყოფილვართ ორიენტირებული, ამიტომ პარტნიორებთან უფასოდ ვთანამშრომლობდით და მხოლოდ მომხმარებლებთან მიტანის საფასურს ვიღებდით. დღეს მიტანის საფასური კომპანიებისთვის ვთვლით, რომ მისაღებია, რაც მხოლოდ კომპანის ხარჯების დასაფარად მიიმართება. ეს გვეხმარება ჩვენი ბიზნესის განვითარებისა და ქალაქში მაღალი მომსახურების სერვისის დამკვიდრებაში. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სერვისი პარტნიორებისთვის ყოველთვის მისაღები იქნება და მათი მომსახურების საკომისიო 15%-20%-ს მომავალშიც არ გადააჭარბებს“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის „თელივერის“ აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს და მომხმარებელი კომპანიის გაუმჯობესებული მომსახურების მიღებას მობილური აპლიკაციის საშუალებით იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისიდან შეძლებს.

„თელივერის“ მიტანის სერვისი ამ დროისთვის მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედებს, თუმცა გარკვეული ინტერესი მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც არის და როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ქსელის გაფართოება გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მიმართულებებითაც იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები