მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექდათვალიერების მეორედ არგავლის შემთხვევაში, სანქციები 150-დან 700 ლარამდე დაწესდება"

6359755b38eea
ალა ისპირიანი
26.10.22 22:00
1577
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს“ პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ბითაძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც ახლა მოქმედებს უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, სანქცია 150-დან 700 ლარამდე დაწესდება.

„შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირველადი ჯარიმა, 50 ლარი, არ უნდა იყოს გაზრდილი და ეს ხელუხლებლად დარჩება. თუმცა შემოგვაქვს განმეორებითი სანქცია და იმ შემთხვევაში თუ პირი დაჯარიმებიდან 30 დღის განმავლობაში არ გამოასწორებს ხარვეზს, რომელიც მას ტექინსპექტირების გავლაში ხელს უშლის, სანქციები გაიზრდება. სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირისთვის განსხვავებულია და დაახლოებით 150 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს“, - ამბობს მაია ბითაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება საკანონმდებლო დონეზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თუმცა გარკვეული ცვლილებები კანონქვემდებარე აქტებსაც დასჭირდება.

"აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. შსს-ც მზად არის აღსრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს. ჩვენი მიზანია კანონპროექტი მიღების შემდეგ აღსრულებადი და ეფექტიანი იყოს“, - განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ მიზანი, არა ბიუჯეტში თანხების აკუმულირება, არამედ შედეგის მიღებაა, რომ როგორღაც ავტომობილების ტექინსპექტირება მოხდეს.

მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე უკვე მიღებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები