მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტექინსპექტირებაზე მომართვიანობა განახევრებულია, თანამშრომლების გათავისუფლება მოგვიწია"

5fce628052010
სალომე მეცხვარიშვილი
08.12.20 15:47
886
მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოში პირველადი ტექინსპექტირება 456 655 ავტომობილმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან მიაწოდეს. აღნიშნული მაჩვენებელი სრული 2019 წლის მონაცემს 68%-ით ჩამორჩება. შარშანდელი მონაცემებით, საქართველოში პირველადი და მეორადი (დახარვეზების შემდეგ ხელახალი) ტექინსპექტირება 1 398 434 ავტომობილმა გაიარა.

შემცირებულ მაჩვენებელზე საუბრობენ ტექინსპექტირების ცენტრებიც. კომპანია “ავტოტესტის” დირექტორი ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-იანი კლებაა. იორდანიშვილი მთავარ მიზეზებად პანდემიასა და კანონის არასათანადო აღსრულებას ასახელებს.

“თუ 2019 წელს მოვიდა 788 ათასი ერთეული სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებაზე, დაახლოებით, იმის ნახევარია მოსული წელს. 2 მიზეზი არსებობს, რატომ არ მოვიდნენ ტექინსპექტირებაზე ავტომობილები: ერთი ის, რომ პანდემიამ დასაწყიში გამოიწვია გადაადგილების გარკვეული შეზღუდვა და აღარ გამოდიან იმ ინტენსივობით მძღოლები და მეორე, ადმინისტრირება არ არის იმ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს და არ ხდება ავტომობილების დაჯარიმება ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო.

რეფორმა როცა იწყებოდა, გათვლები იყო მილიონ 300 ათას ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, წელს 400 ათასი მოვიდა დაახლოებით, ანუ მესამედი მოვიდა რეალურად. რთულია იმაზე საუბარი, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი. დღეს საუბარი მხოლოდ იმაზეა, როგორ შევინარჩუნოთ თანამშრომლები, შეძენილი ტექნიკა და ა.შ. დაახლოებით, 70 თანამშრომელი გვყავდა, დღეს 50-ის ფარგლებში ვართ”, - აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

კლების ტენდენციებზე საუბრობს ტექდათვალიერების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Quick Test-ის დირექტორი დავით ქორიძე.

“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მომართვიანობა განახევრებულია. მეტიც, მომართვიანობა შარშანდელთან შედარებით 40%-ია. ჩვენ სერვისცენტრები გვაქვს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში და კატეგორიული კლება არის რეგიონებში, გასაკუთრებით ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მომართვიანობა მხოლოდ 20%-ია”, - აცხადებს დავით ქორიძე.

ტექდათვალიერებაზე მიმართვის შემცირებას ხელი შეწუყო გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო აღარ არის ან დროებით შეჩერებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მძღოლები ჯარიმებისგან მხოლოდ 2020 წლის მარტი-მაისის ლოქდაუნის დროს იყვნენ გათავისუფლებული, რეგულაციების მოხსნის შემდეგ კი, ვალდებულების შესასრულებლად 2-თვიანი ვადა მიეცათ.

გასულ წელს ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო 229 ათასი ჯარიმა დაიწერა. წლევანდელ ჯარიმებს უწყება მოგვიანებით დაითვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები