მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტერა ბილდინგის" საქმე: რა დათმობაზე წავიდა თბილისის მერია?

615b191ca728b
ანუკა ჯოხაძე
04.10.21 21:10
746
კომპანია "ტერა ბილდინგი", რომელმაც 2017 წელს ჟვანიას ქუჩაზე თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მასზედ მშენებლობის მიზნით შეიძინა, დღემდე მის გამოყენებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის გენერალური რეგულირების გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშვებული იყო მშენებლობა, მერიაში კომპანიას უთხრეს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ შეიძლება. შეგახსენებთ, "ტერა ბილდინგმა" კუთვნილი მიწის ნაკვეთზე სტატუსის შეცვლის მიზნით ორი წლის წინ თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა.

"ტერა ბილდინგის" გახმაურებულ საქმეზე კომენტარები კეთდებოდა თბილისის მერიაშიც, სადაც მაშინ მაია ბითაძე, მერის მოადგილის სტატუსით აცხადებდა, რომ კომპანიას მუნიციპალიტეტი ადგილმონაცვლეობას შესთავაზებდა. თბილისის მერიამ ბიზნესისთვის ადგილმონაცვლეობის შეთავაზების გადაწყვეტილება სულ რაღაც 10 დღის წინ, მხოლოდ წინასაარჩევნოდ მიიღო.

საქმე დღესაც სასამართლოშია, თუმცა როგორც დღეს BM.GE-თან კომპანიის დამფუძნებელი ლელა მაზანაშვილი აცხადებს, 1 კვირის წინ თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა, სადაც თბილისის მერიამ კომპანიას ადგილმონაცვლეობა შესთავაზა.

“როგორც იქნა ჩვენსა და თბილისის მერიას შორის ნავსი გატყდა. 21 სექტემბერს უნდა გვქონოდა სასამართლო პროცესი, რომელიც 4 ნოემბერს გადაიდო. მე და ჩემი ადვოკატი ვთვლით, რომ ეს საქმე მოგებული გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თანახმა ვარ ადგილმონაცვლეობაზე, იმიტომ რომ სასამართლო პროცესი შეიძლება გაგრძელდეს წლები. დალოდების ფუფუნება ჩვენს კომპანიას არ აქვს. საბედნიეროდ, მერიის ქონების მართვის სააგენტომ დაგვირეკა და გვითხრა ადგილმონაცვლეობის შეთავაზების შესახებ. შეხვედრაზეც ვიყავით მისულები. მე ძალიან მინდა, რომ ქონების მონაცვლეობა ზარალის გათვალისწინებით მოხდეს, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ცოტა ზარალი არ მინახავს. თავზე ჩამომაქციეს ყველაფერი და გამაყიდვინეს, რაც კი გამაჩნდა", - აცხადებს კომპანია “ტერა ბილდინგის” დამფუძნებელი ლელა მაზანაშვილი.

უფრო მეტი დეტალი BM.GE-მ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში მოიკითხა, სადაც ბიზნესმენთან წინასაარჩევნოდ შეხვედრას ადასტურებენ.

“მერიაში შედგა შეხვედრა. კომპანიის ქონება, ღირებულების დადგენის მიზნით, გაიგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. შეფასების შემდეგ, სააგენტო მონახავს შესაბამის ქონებას შესათავაზებლად", - აცხადებენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

ცნობისთვის, "ტერა ბილდინგის" საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 4 ნოემბერსაა ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები