მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ აზარტულ თამაშებს ბოროტებად თვლით, საერთოდ აკრძალეთ“ - ჯანგირაშვილი მთავრობას

61bc57388f873
ინგა მურუსიძე
17.12.21 13:20
575
"ასე ნაჯახით სირბილი არ შეიძლება", - ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელმა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წევრებს მიმართა.

საქმე ისაა, რომ პარლამენტში აზარტული თამაშების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და მიუხედავად აზარტული თამაშების ინდუსტრიის და ასევე მედიის წარმომადგენლების თხოვნისა, კრიტიკული მუხლები დეტალურად განიხილონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი მათ ამის საშუალებას, ფაქტობრივად, არ აძლევდა. 

როგორც ნინო ჯანგირაშვილმა სხდომაზე თქვა, აზარტული თამაშების რეკლამირებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიებმა პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები გადაუგზავნეს, თუმცა დეპუტატები მას არ გაეცნენ.

„არავის აზრი არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ უმრავლესობაში ხართ. აზარტული თამაშების ინდუსტრია, მედია, ვამბობთ, რომ ასე, ნაჯახით სირბილი არ შეიძლება. თუ თქვენ აზარტულ თამაშებს თვლით ბოროტებად, მაშინ ეს უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში და ეს უნდა აიკრძალოს ხვალვე და არა რამდენიმე თვის შემდეგ. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ აკრძალულია, კრიმინალიზებულია. იჭერენ აზარტული თამაშებისთვის და მივბაძოთ ამ ქვეყნებს მაშინ, თუმცა ასეთ ქვეყნებში ქვეყნის პირველი პირები წინასაარჩევნო დაპირებებში კაზინოების მშენებლობის ინიციატივებით არ გამოდიან“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის იანვრის ნაცვლად მარტამდე გადავადება არაფერს ცვლის და კანონპროექტის ინიციატორს შესთავაზა, საქართველომ დიდი ბრიტანეთის მაგალითი გადმოიღოს.

„აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ ბავშვები კიდევ უფრო დაუცველები იქნებიან“, - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ინიციატორმა დავით სონღულაშვილმა ჯანგირაშვილს იქვე უპასუხა.

“რამდენიმე დღის წინ ტელევიზიებმა თქვეს, რომ იქნება დრო მოგვცეთ, რომ რამენაირად გადავეწყოთო. ჩვენ ვიმსჯელეთ და ვიფიქრეთ, რომ კიდევ დიდხანს არ გაგრძელდეს ამ სექტორის ამ ფორმით წახალისება, გადავწიოთ დრო 1-ელ მარტამდე. თქვენი თხოვნა გავითვალისწინეთ და ყველას მივეცით ერთი და იგივე ვადა. თუ ამის მიუხედავად მაინც უკმაყოფილებაა, მაშინ დამატებითი დრო რატომ უნდა მივცეთ ვინმეს ამ სექტორის წასახალისებლად?! რეაქცია მივიღეთ უკუღმართი. მეგონა, რომ სექტორს ცოტა შეღავათს მივცემდით გამოსავლის მოსაძებნად და თუ ეს არაფერში გადგებათ, მაშინ კანონი შევა ვადაში“, - აღნიშნა სონღულაშვილმა, რაზეც მედიაბიზნესის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ სამი თვე არაფერს ცვლის და კანონპროექტის ავტორებს ურჩიეს, მათ მიერ მომზადებულ ინიციატივას გაეცნონ. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები