ირლანდიის პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელმა ორგანომ Meta-ს კომპანიებს - Facebook-სა და Instagram-ს ევროპელი მოქალაქეების შესახებ მონაცემების აშშ-ში გაგზავნა აუკრძალა. ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის გათიშვა მოჰყვეს.
BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელის ანზორ მეხრიშვილის თქმით, ევროპის ტერიტორიაზე Meta-ს პროდუქტების გათიშვა რეალისტურია. თუმცა რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოზე? ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ ისაუბრა.
„ევროკავშირსა და აშშ-ის შორის პერსონალური მონაცემების მიმოცვლის შესახებ ხელშეკრულება აქამდეც არსებობდა, რომელიც დღეს ცვლილებას კიდევ განიცდის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წელსაც იყო ევროკავშირის წარმომადგენელსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის აღნიშნულ თემაზე შეხვედრები. პრობლემა, რომელიც ირლანდიური სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ისაა, რომ Meta-მ დიდი რაოდენობით თავიანთი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაცია აშშ-ში გადააგზავნა. Meta-ს ევროპის კონტინენტზე სამი მონაცემთა ცენტრი აქვს, სადაც რეალურად ნებისმიერი მონაცემი მუშავდება, რომელსაც ევროკავშირის და ზოგადად ამ რეგიონის მომხმარებლები ამუშავებენ. ერთ-ერთი ცენტრი ირლანდიაში მდებარეობს, დანარჩენი ორი სკანდინავიის ქვეყნებში. როგორც ჩანს, სწორედ ირლანდიური სერვერიდან მოხდა დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადატანა აშშ-ში.
თუ ირლანდიური სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა და ევროკავშირსა და აშშ-ის შორის არ დარეგულირდება მიმდინარე მოლაპარაკებები, Meta-ს პროდუქტებმა ფუნქციონირება დიდი ალბათობით შესაძლოა ირლანდიის ტერიტორიაზე მაინც შეწყვიტოს. რაც შეეხება საქართველოს, ასე პირდაპირ საქართველოში აღნიშნული სერვისების გათიშვა არ მოხდება, რადგან ჩვენი რეგულატორის გადაწყვეტილებაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე აღნიშნული სერვისები გათიშოს. თუ გაითიშება ეს პროდუქტები მხოლოდ გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც კონკრეტული რეგულაცია ან სასამართლო გადაწყვეტილება გავრცელდება. თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე Meta-ს პროდუქტები არ იქნება ხელმისაწვდომი, ეს გავლენას საქართველოზე არ მოახდენს, რადგან ჩვენ არ ვართ EU-ს წევრი და ევროკავშირის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოზე არ გავრცელდება", - განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, ირლანდიის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება „მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას“ უკავშირდება, რომელიც ევროკავშირში ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა.