მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქული მედიკამენტების გაძვირებას მომხმარებელი სექტემბრიდან იგრძნობს" - "იმპექსი"

62d524428dc01
მარიამ იზორია
19.07.22 00:00
1252
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის პირველმა პირმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. ეს დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა. ამ დადგენილებით მოგების ის მაქსიმალური მარჟაა განსაზღვრული, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს.

რა გავლენას მოახდენს თურქეთში ტარიფების ცვლილება საქართველოს სააფთიაქო ქსელებში იმ მედიკამენტების ფასებზე, რომლებიც სწორედ თურქეთიდან შემოდის?

სააფთიაქო ქსელის „იმპექსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, რომ ბრძანება თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე დადებითად არ აისახება და ამ ვითარებაში პროდუქცია 20%-ით მაინც გაძვირდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების წილი მხოლოდ 3%-ია, ეფექტი საგანგაშო არ იქნება.

მისივე განმარტებით, გაძვირებულ მედიკამენტებს ქართველი მომხმარებელი სექტემბრიდან იგრძნობს.

„ფასის მატება შეეხება ყველა იმ მედიკამენტს, რაც თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის პროგრამაშია დარეგისტრირებული. მედიკამენტების ნაწილი გზაშია, ესენი კვლავ დაბალ ფასად გაიყიდება, გაძვირებულ პროდუქციას კი მომხმარებელი სექტემბრიდან იგრძნობს.

თურქეთის პროგრამა კარგი წამოწყება აღმოჩნდა, რომლის ფარგლებში 300-მდე მედიკამენტი გაიაფდა. ახლა სახელმწიფომ მსგავსი პროექტი ევროპის მასშტაბითაც უნდა განავითაროს, რათა კიდევ უფრო მეტი ევროპული იაფი პროდუქციის შემოტანა შევძლოთ. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც თურქული მედიკამენტები 30%-მდე გაძვირდა, სახელმწიფომ თუ მიიღო გადაწყვეტილება და პროაქტიულად დაარეგისტრირა ძალიან ბევრი ევროპული წამალი, უფრო მეტ მედიკამენტს შეეხება ფასდაკლება და შესაძლებელი იქნება ეს 20-30%-იანი გაძვირებაც დაბალანსდეს“, - აღნიშნავს „იმპექსის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები