მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოელ მომხმარებელში გაკვირვებას კაბების ფასი იწვევს" - რა ღირს "მიშელის" კაბები?

63c2a95579954
მარიამ დემეტრაშვილი
14.01.23 18:10
1654
საბავშვო სადღესასწაულო კაბების ქართული ბრენდი „მიშელი“ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და ამ დრომდე ქართველ თუ უცხოელ მომხმარებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი დამფუძნებელი სოფო გოგებაშვილი გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ მათ პროდუქციას სხვებისგან ხარისხი, დახვეწილი დიზაინი და სუფთა ნამუშევარი გამოარჩევს, რამაც ბრენდის წარმატება განაპირობა.

დამფუძნებლის თქმით, უცხოელ მომხმარებელში ყველაზე დიდ გაკვირვებას კაბების ფასი იწვევს, ვინაიდან მსგავსი მოდელების ფასი საზღვარგარეთ 500$-დან იწყება.

„დაფუძნებიდან 1 წლის თავზე საკმაოდ კარგი პოზიცია დავიკავეთ ამ სფეროში. იყო პერიოდი, როცა კაბები თვითონ დამქონდა მისამართებზე. მინდოდა, ყიდვის პროცესში ბოლო წუთამდე ყველაფერი უნაკლოდ ყოფილიყო. ჯერ ონლაინ მაღაზია გვქონდა და საწყობი გავაკეთეთ, შემდეგ მოლში დავდგით სტენდი, თუმცა რადგან ეს არ იძლეოდა კაბების ადგილზე მოსინჯვის შესაძლებლობას, შოურუმი გავხსენით. ახლა თარხნიშვილის #9-ში საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, თავისი გასახდელით.

ჩვენ რომ დავიწყეთ ეს საქმე, ბაზარზე არ მეგულებოდა ჩვენი კონკურენტი, არც გამეგო სხვა მსგავსი რამე თუ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით „პრინცესულ სამყაროში“.

ჩვენი ბრენდი იმიტომ არის ასეთი გამორჩეული და წარმატებული, რომ თითოეული მოდელი გუნდის მიერ იქმნება. თავდაპირველად ძალიან ბევრი მოდელი ჩემი შვილების გემოვნებით შევქმენით: ფერების, დიზაინის, მკლავის დეტალების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობდნენ“, - თქვა დამფუძნებელმა.

სოფო გოგებაშვილის თქმით, „მიშელის“ კაბების ფასი მოდელების მიხედვით განსხვავდება, თუმცა მაქსიმალური ღირებულება 550 ლარია.

„ჩემი მეუღლის კარიერიდან გამომდინარე, დიდი ხანი საზღვარგარეთ ვცხოვრობდით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მასიური და დახვეწილი ნამუშევრები იქ არ მინახავს. უცხოელ მომხმარებელს უკვირს როგორ შეიძლებოდა ასეთ დახვეწილ ნამუშევარს ასეთი დაბალი ფასი ჰქონდეს", - ამბობს დამფუძნებელი.

სოფო გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ზრდასრულებისთვის კაბების შეკერვაზე მოთხოვნა წამოვიდა, თუმცა ამ სეგმენტის დამატება ჯერ არ განიხილება.

„იმდენად ვართ ორიენტირებული ბავშვებსა და მათ გაბედნიერებაზე, მშობლებისთვის საკმარისი რესურსი აღარ გვრჩება“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები