მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოური გავლენის შესახებ" კანონმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს - ოთხი ბიზნესასოციაცია

63ff523ec2be4
BM.GE
01.03.23 17:22
1129
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს, - ამის შესახებ ნათქვამია ოთხი ბიზნეს ასოციაციის მიმართვაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გადაეგზავნა.

„პირველ რიგში, ორგანიზაციებისთვის „უცხოური გავლენის აგენტის“ სახელის მინიჭება მათ ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს. თუმცა, საქართველოს ისეთი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტები, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და მრავალი სხვა, ემსახურებიან ქვეყნის განვითარების მხარდამჭერ უამრავ საკეთილდღეო საქმეს ეკონომიკაში, განათლებაში, საჯარო პოლიტიკაში და სხვა სფეროებში. ამ პროექტებზე უარის თქმა დიდად დააზარალებს ქვეყანას.

მეორე - აშკარად ჩანს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და, შესაბამისად, ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

მივესალმებით პარლამენტის განცხადებას, რომ ის არ მიიღებს ამ კანონს ვენეციის კომისიის შეფასების მიღებამდე, მაგრამ ვშიშობთ, რომ კანონპროექტი ამ დროისათვის განხილვის ისეთ ეტაპზე იქნება, რომ უკვე შეუძლებელი გახდება მასში ძირეული ცვლილებების შეტანა. ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩეროთ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ვენეციის კომისიისგან დასკვნის მიღებამდე.

მესამე - გვაშფოთებს ის, რომ ყველანაირი უცხოური ჩართულობისთვის დამაზიანებელი იარლიყის მიკერებით, კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს. დარწმუნებულნი ვართ, კარგად აცნობიერებთ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოურ ინვესტიციებსა და ცოდნას, რომელიც მათ მოჰყვება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონები, რომლებიც ავიწროებენ უცხოელებს, დააბრკოლებენ ინვესტიციებს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ მოვისმინეთ ორი ძირითადი განმარტება ამ კანონის აუცილებლობის თაობაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ირაკლი ბაიდაშვილი- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი;
ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი;
ჯონ ბრაეკეველდტი - ევროპული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
საშა ტერნესი - გერმანული ბიზნესასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

CC: ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები