ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთი“ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ტყიბულში გაშენებული ჩაის პლანტაციებიდან ექვსი სახეობის ჩაის აწარმოებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი მინდია ძნელაძე BM.GE-თან აცხადებს, პროდუქტი ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზეც ფიქრობენ.
„ჩვენ ჩაის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს: შავი, მწვანე, მცენარეული, ციტრუსის, მოცვისა და ტყის კენკრის არომატებით, მათი შეძენა ადგილობრივ რიტეილ ქსელებში: გუდვილის, აგროჰაბის, ევროპროდუქტისა და წერტის ფილიალებში როგორც დასაყენებელი, ისე პირამიდების სახითაა შესაძლებელი.
უახლოეს მომავალში პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ, ახლახან ვიყავით ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც კონტაქტები გერმანელ პოტენციურ კლიენტებთან დავამყარეთ, ასევე დაინტერესება გვაქვს საუდის არაბეთიდანაც.
ჩვენი წარმოებული ჩაი უნიკალურია მისი თვისებებით - არის სრულად ხელნაკეთი, ბიო და იწარმოება განსაკუთრებულ ჰავაზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე, დაცული გვაქვს წარმოების უმაღლესი სტანდარტები, სწორედ ამიტომ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის ინდურს, ბრიტანულს, ჩინურს და ფრანგულს, კონკურენცია გავუწიოთ.“ - განაცხადა მინდია ძნელაძემ.
„ბუეთის“ ჩაის წარმომადგენელი გამოწვევებზეც გვიყვება და ამბობს, რომ რეალიზების პროცესში მთავარი სირთულე ცნობადობის მოპოვებაა.
„ჩვენი მიზანია, რომ ქართული ბაზარი სრულად მოვიცვათ, თუმცა ამ პროცესში უკვე ჩამოყალიბებული ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა და ცნობადობის ამაღლება ახალი წარმოებისთვის საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა.“ - განმარტავენ კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, „ბუეთის“ ჩაის წარმოებაში $1 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა, ის ამჟამად 5-დან 7 ტონამდე ჩაის გადაამუშავებს და 30-მდე ადგილობრივს ასაქმებს, რომელთა რაოდენობაც ჩაის კრეფის პროცესში იზრდება.