მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნგრულ ბანკში საქართველოსთან ბიზნესკავშირების დასაფინანსებლად $140-მილიონიანი საკრედიტო ხაზია გახსნილი"

604dc08142cfb
თამთა ჯიჯავაძე
14.03.21 12:28
857
უნგრულ “ექსიმ ბანკში” $140-მილიონიანი სპეციალური საკრედიტო ხაზია გახსნილი, რათა დავაფინანსოთ საქართველოსთან ბიზნესურთიერთობები, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ  უნგრელი მინისტრის საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი ისაკაძემ ჩაწერა.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და ურთიერთობათა გაფართოებით მეტი სარგებელი მივიღოთ, ამიტომაც ეკონომიკური თვალსაზრისით შედეგები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ჩვენ ხელს ვუწყობთ უნგრულ კომპანიებს, რომ საქართველოში უფრო წარმატებულები იყვნენ, იქნება ეს ფარმაცევტული სფერო, საკვების ექსპორტი, წყლის მენეჯმენტის საკითხები თუ თავდაცვის ინდუსტრია“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უნგრულ “ექსიმ ბანკში” $140-მილიონიანი სპეციალური საკრედიტო ხაზი მხოლოდ საქართველოსთვის არის განკუთვნილი. პიტერ სიიარტომ იმედი გამოთქვა, რომ ის მოკლე ვადებში იქნება ათვისებული, რის შემდეგაც ახალი საკრედიტო ხაზის გახსნა გახდება საჭირო.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომელშიც საქართველო გამოკვეთილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი "სტეიკჰოლდერია" და გვინდა რომ ვიხილოთ საქართველოს უფრო მეტი ინტეგრაცია და დაახლოება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებთან“, - დასძინა მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთისა და საქართველოს ურთიერთობები ორმხრივ ურთიერთპატივისცემაზე არის დამყარებული და ქვეყნებს პოლიტიკური საკითხების მიმართულებით ღია საკითხები არ აქვთ:

„ამ კუთხით ერთმანეთის კრიტიკასა და ჭკუის დარიგებაზე არ ვხარჯავთ დროს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს არჩევანს, რადგანაც ქართველებმა იციან ყველაზე უკეთ თუ რა არის უკეთესი ამ ქვეყნისთვის. არც საქართველოს მთავრობას არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ მსგავსი რეკომენდაციებით უნგრეთისთვის მიემართა. შესაბამისად, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ორმხრივ ურთიერთპატივისცემას ეფუძნება“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ცნობისთვის, საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია. ოფიციალური შეხვედრების გარდა, რომელიც უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოში გამართა, შედგა მისი პირადი კომუნიკაცია და შეხვედრა საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები