საქართველოში 15 ოქტომბრიდან ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. მარათონის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ს წარმომადგენლები რეგიონებში დადიან და მოსახლეობას აცრისკენ პირადად მოუწოდებენ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ვაქცინაციის მარათონის გზით დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი აიცრა.
„ახლა მარათონის სახეცვლილება წარვადგინეთ უკვე უწყებათაშორის საბჭოზე. კერძოდ, არჩეულია ორი მუნიციპალიტეტი, სადაც გვინდა, რომ სწრაფად გავიდეთ 60%-იან მოცვაზე, ესენია ოზურგეთი დ გურჯაანი. ეს ორი რეგიონი იმიტომ ავარჩიეთ, რომ ახლადარჩეული მერები არიან ჩვენი კოლეგები და მათ კარგად ესმით იმუნიზაციის მნიშვნელობა. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას კი დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეორე მიმართულება არის 10 დიდ ქალაქში ძლიერი საკომუნიკაციო კამპანიის გაშლა და ეს დაიწყება მომავალი კვირიდან. იქ იქნება დიდი აქტივობები, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობა.
მესამე მიდგომა კი არის, რომ ავარჩიეთ სამი ლოკაცია - თბილისი, აჭარა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, სადაც გვინდა, რომ წელს 60%-იანი მოცვა გვქონდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.