საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნებისგან, იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული სიცრუის გამეორებას განაგრძობენ, კითხვები მიიღო.
როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა დაბნეულობა იმან გამოიწვია, მკაფიოდ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა, რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს.
"ბოლო კვირებში ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მივიღე, იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას განაგრძობენ. ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ. თუ მმართველი პარტია და მთავრობა არ ეთანხმება აღნიშნულ აშკარად ცრუ ბრალდებებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს წინააღმდეგ, მაშინ მოლოდინი არსებობს, რომ ამას ისინი მკვეთრად და მკაფიოდ გაემიჯნებოდნენ.
ნამდვილად დასაფასებელია, რომ ერთი კვირის წინ პრემიერმინისტრმა ამის შესახებ თავისი პოზიცია გამოხატა. ეს დადებითად მიანიშნებდა, რომ უმაღლეს დონეზე მაინც ხდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად საზიანოა ამ სახის პრორუსული დეზინფორმაცია. ამგვარი კონსპირაციული თეორიების გამეორება მხოლოდ დაბნეულობას თესავს, აღრმავებს პოლარიზაციას და კითხვებს აჩენს ქართველებსა და ამერიკელებში, თუ რა მოტივი დგას ამ მიმდინარე თავდასხმების უკან", - ამბობს დეგნანი.




























