ჩვენ ვეკითხებით ინვესტორებს იმის შესახებ, თუ რა არის ის მინიმალური კრიტერიუმები, რის შემდეგაც მათ დააინტერესებთ საქართველოს ბაზარი, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა „Forbes-კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ინვესტორებთან ინდივიდუალური მიდგომით მუშაობს.
„ჩვენ ამ პრინციპით ვმუშაობთ დღემდე. დავიწყეთ FDI გრანტებით, ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრანტებით მოსაზიდი პროგრამით. მეორე საინტერესო მიმართულება კი არის საერთაშორისო მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობა, ეს არის OCO Global-ი, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ინვესტორების მოზიდვის კომპანია, რომელიც ჩვენი ეგიდით და ჩვენი დაკვეთით იმუშავებს იმაზე, რომ კონკრეტულ სექტორებში მოიზიდოს კონკრეტული ინვესტიციები. 400 კომპანიიდან იწყებს მუშაობას, ჩამოდის 40 კომპანიაზე, რომელთანაც უნდა გავიდეს ხაზზე. 40-დან 20-ის ვიზიტი უნდა განახორციელოს საქართველოში და ამ 20-დან 3 მსხვილი პროექტი უნდა გამოვიდეს და ამის შემდეგ უკვე ხდება ამ კომპანიის - OCO Global-ის ვალდებულების შესრულება. ეს არის ეკონომიკური დესპანების მსგავსი მიდგომა, მსგავსი პრინციპია, თუმცა, ცოტა სხვანაირი მიდგომა, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ძალიან მსხვილ ავტორიტეტულ კომპანიას იმისთვის, რომ ჩვენი ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული არეალი გაიშალოს“, - განაცხადა ხიდურელმა.
მისივე თქმით, სააგენტო გააგრძელებს მსგავს კომპანიებთან თანამშრომლობას.
ცნობისთვის, USAID-ის მხარდაჭერით, სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ არეალის გაზრდის მიზნით საერთაშორისო კომპანია OCO Global-თან თანამშრომლობა მიმდინარე წელს დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, ინიციატივის პრიორიტეტი ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტებია, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავააციო და მანქანების ნაწილების წარმოება.