მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოთერლენდი" 2022 წლის ბოლომდე უნარჩენო წარმოებაზე გადასვლას გეგმავს - ინვესტიცია $195 000-ია

6237117525f73
სალომე ჭიპაშვილი
20.03.22 17:12
1320
მინერალური და მტკნარი წყლისა და ლიმონათის ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "ვოთერლენდი" უნარჩენო წარმოებაზე გადასვლას გეგმავს. „ამბიცია გვაქვს, ვიყოთ საქართველოს კერძო სექტორში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც საწარმოო ნარჩენს ნულამდე დაიყვანს“ - უთხრა BM.ge-ს კომპანიის პროდუქტის განვითარებისა და ინოვაციების დირექტორმა ნანა გოგუაძემ.

ამ გეგმის განსახორციელებლად კი „ვოთერლენლდი“ წლის ბოლომდე წარმოების საჭირო დანადგარებით აღჭურვითა და ელექტროენერგიის მზის ენერგიით ჩანაცლებით გეგმავს, რისთვისაც ჯამში 195 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„2022 წლის ბოლომდე შევიძენთ 85 ათასი დოლარის ღირებულების ისეთ დანადგარებს, რომლებიც ნარჩენ წყალს გადაამუშავებს. მიღებულ წყალს შემდგომში საირიგაციოდ და სასუქად გამოვიყენებთ. ასევე ჩვენი მიზანი ენელქტროენერგიის მზის ენერგიით ჩანაცვლებაა, რისთვისაც 110 ათასი დოლარის ინვესტიციით მზის პანელებს შევიძენთ“- განაცხადა ნანა გოგუაძემ.

„ვოთერლენდი“ დღეისთვის 35 დასახელებისა და შეფუთვის ნატურალურ მინერალურ წყალს, გაზირებულ წყალსა და ქართულ ლიმონათს აწარმოებს. პეტის ბოთლს საათში დაახლოებით 10 ათასს, ხოლო მინას - 6 ათასი ბოთლის ოდენობით, რომელთა ფასები 70 თეთრიდან 1.3 ლარამდე მერყეობს.

„რადგან მინის ბოთლი ექსპორტზე მოთხოვნადია, შევიძინეთ დამატებითი ტექნოლოგიები, რომელიც გზაშია და სულ მალე ჩვენს წარმოებაში გაიმართება. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით კი საათში 12 ათასი მინის ბოთლის წარმოებას შევძლებთ. შედეგად „ვოთერლენდი“ წლიურად 2 მლნ ბოთლ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს“, - აღნიშნა ნანა გოგუაძემ.

კომპანია „ვოთერლენდმა“ ოპერირება 2017 წელს ნატახტარში დაიწყო, რომელშიც განხორციელებული ინვესტიცია 3 მლნ ლარს შეადგენდა. კომპანიის პირველი პროდუქცია ე.წ. საოფისე 19 ლიტრიანი წყლის ბალონები იყო, რომელიც ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა.

დღეისთვის კომპანია პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები