მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვოთერლენდმა“ $1 მლნ-ის ინვესტიციით მინერალური წყლების საწარმო გააფართოვა

62062d79172f6
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.22 18:10
1672
მინერალური და მტკნარი „წყალი გუდაურის“ მწარმოებელმა კომპანია „ვოთერლენდმა“ 2021 წელს 1 მლნ დოლარის ინვესტირებით ნატახტარში მოქმედი საწარმო გააფართოვა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის პროდუქტის განვითარების და ინოვაციების დირექტორი ნანა გოგუაძე განმარტავს, რომ საწარმოს სიმძლავრეების გაზრდის საჭიროება საექსპორტო ბაზრების და იქიდან არსებული მოთხოვნის გამო გაჩნდა; შედეგად კომპანია წყლისა და მტკნარი წყლის წარმადობა 10-ჯერ გაზარდა.

„ექსპორტის მიმართულების გააქტიურებისა და სარეალიზაციო არეალის გაფართოების მიზნით, კომპანიამ 2021 წელს ეტაპობრივად ბიზნესის განვითარებასა და წარმადობის ზრდისთვის 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ერთი დამატებითი საწარმოო ხაზი ავამოქმედეთ, რისთვისაც თანამედროვე მანქანა-დანადგარები შევიძინეთ. ამასთან, გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობაც, სადაც ძირითადად ადგილობრივები საქმდებიან, თუმცა ამ მხრივ ტოლერანტული მიდგომა გვაქვს და ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ვასაქმებთ.

შედეგად, დღეისთვის საწარმო თვიურად 1 340 000 ლიტრ წყალს აწარმოებს, რომლითაც ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრები მარაგდება“, - განაცხადა ნანა გოგუაძემ.

დღეს „ვოთერლენდის“ "წყალი გუდაური“ ადგილობრივ ბაზარზე სუპერმარკეტების 10-მდე ქსელშია წარმოდგენილი, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კომპანიის პროდუქტის განვითარების და ინოვაციების დირექტორი აღნიშნავს, რომ მაღალი კონკურენციის მიუხედავად ბაზარზე პანდემიის პერიოდში შესულმა მათმა პროდუქტმა დღეისთვის სწორი მენეჯმენტის შედეგად პოზიციები გაიმყარა. რაც შეეხება კითხვას - შეძლო თუ არა „ვოთერლენდმა“ არსებული ინფლაციური პროცესებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით პროდუქტზე ფასების შენარჩუნება, ნანა გოგუაძემ გვიპასუხა:

„სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომუნალური და ასევე, ბუნებრივი რესურსების გამოყენების გადასახადი, რამაც ბაზარზე წყალზე ფასების ზრდა გამოიწვია. ასევე, მსოფლიოში ლოგისტიკური პრობლემებიდან და ინფლაციიდან გამომდინარე, მომწოდებლისთვის ნედლეულის ფასიც გაიზარდა, თუმცა მიუხეადავად ამისა, „წყალმა გუდაურმა“ გაითვალისწინა ჩვენი მოსახლეობის შესაძლებლობები და ხშირ შემთხვევაში ფასი უცვლელად დატოვა ან უმნიშვნელოდ გაზარდა. ჩვენი შემოსავლის და ძირითადი სტრატეგიის ნაწილი ექსპორტია და მისგან გენერირებული შემოსავალი, რამაც მეტ-ნაკლებად ძველი ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა“.

ცნობისთვის: კომპანია „ვოთერლენდის“ წარმოება 2017 წელს 3 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედდა. „წყალი გუდაური“ კი ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. დღეისთვის კომპანია 35 სახეობის და შეფუთვის პროდუქტს აწარმოებს, რომელთა შორის ნატურალური მინერალური წყალი, გაზიანი წყალი და ქართული ლიმონათებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები