გურიაში ჩაის მეწარმეებს კადრების დეფიციტი აქვთ. ამის შესახებ bm.ge-სთან ჩაის წარმოება „აკეთის“ დამფუძნებელმა განუცხადა. სერგო გაგუას თქმით, ძირითადი მუშახელი ემიგრაციაშია, რაც დარგში სერიოზულ პრობლემას ქმნის.
„სფეროში კადრების დეფიციტია. ამის გამომწვევი ფაქტორი ემიგრაციაა, ძირითადი მუშახელი, ის ადამიანები, რომლებსაც მცირედი შესაძლებლობა ეძლევათ, ქვეყანას ტოვებს. ასეთი შემთხვევები ჩემს საწარმოშიც მქონდა. გურიაში მდებარე სხვა ჩაის წარმოებებიც აღნიშნულ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კადრი საქართველოში საკმაოდ ძვირია“ - ამბობს „აკეთის“ დამფუძნებელი.
სერგო გაგუა გურიაში მიმდინარე წლის ჩაის მოსავალსაც აფასებს.
„ხშირი წვიმის გამო მოსავლის ის მოცულობა არ გვაქვს, რაც გასულ წლებში. ამ რეგიონში საკმაოდ მაღალი ხარისხის ჩაი მოდის“, - აღნიშნავს მეწარმე.
ცნობისთვის: „აკეთის“ წარმოება გურიაში 4 ჰექტარ პლანტაციასა და ჩაის საწარმოს აერთიანებს. კომპანიის წარმადობა 2 ტონა ჩაია. „აკეთი“ შავ და მწვანე ჩაის აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ძირითადად ადგილზე, სხვადასხვა ფესტივალზე ხდება.