მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს 150 ტონა მოსავალს ველოდებით... მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან ვაწარმოებთ"

6263f3ec6e399
მარიამ იზორია
26.04.22 09:50
1106
"აგრითაჩი" მიმდინარე წელს 150 ტონა მოცვის მოსავალს ელოდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქტის რეალიზაციას მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ახდენს და „აგრითაჩმა“ბერლინში გამოფენა - fruit logistica 2022-შიც მიიღო მონაწილეობა, სადაც საექსპორტო მიმართულებების გაფართოების მიზნით, ახალი კონტაქტებიც დაამყარა.

როგორც bm.ge-სთან "აგრითაჩის“ გენერალური მენეჯერი დავით მაყაშვილი აღნიშნავს, მოთხოვნა ყატარიდან, დუბაიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან აქვთ. საბოლოოდ გადაწყვეტილებას ფასის, მოცულობისა და მოთხოვნის მიხედვით, სეზონის დაწყების შემდეგ მიიღებენ.

„გარდა არაბული ქვეყნებისა, მოთხოვნაა იაპონიიდან და ისრაელიდან. ახლა მოლაპარაკების პროცესში ვართ. აღმოსავლეთის ბაზარი სასურველია, თუმცა ევროკავშირი უფრო მომგებიანია და აქ შესვლის დიდი სურვილი გვაქვს, მომგებიანია ყატარიც. საბოლოო პროგნოზებს სეზონის დაწყების შემდგომ უფრო გავაკეთებთ. წელს ჩვენი ბაღებიდან 150 ტონა მოცვს ველოდებით. საქართველოში ალბათ მოცვის მოსავლის მთლიანი მოცულობა 2000 ტონას მიაღწევს.

რაც შეეხება ფასებს, თუ რუსეთის ბაზარი დაიკეტა, ფასი ქვემოთ ჩამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგივე შენარჩუნდება და სეზონის დასაწყისში კილოგრამი - $7, შემდეგ - $5 და სეზონის ბოლოს $3 ეღირება“, - ამბობს „აგრითაჩის“ წარმომადგენელი.

ცნობისთვის: „აგრითაჩი“ გურიაში 50 ჰექტარ მოცვის ბაღს ფლობს. კომპანიის პირველი მოსავალი 2021 წელს 50 ტონა მოცვი იყო, სრულ მოსავლიანობაში შესვლის შემდგომ კი მოსავლის მოცულობა 300 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ „აგრითაჩმა“ ექსპორტი ყატარში, ბაჰრეინში, მალაიზიაში, ჰონკონგსა და დუბაიში განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები