მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ექსპორტზე 200 ტონამდე ლოკოკინას გავიტანთ" - Nadi Group-მა ახალი ფერმა ააშენა

63ccfd0324695
თათია კაკიაშვილი
22.01.23 21:00
1310
“ვფიქრობთ, რომ წელს უკვე დაახლოებით 200 ტონამდე ლოკოკინას გავიტანთ უცხოეთში,” - ამის შესახებ BMG-ის ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია Nadi Group-ის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს Nadi Group-მა ნორვეგიულ კომპანია Arctic Finance-სთან ერთად, ახალი კომპანია Snail Catch შექმნა, რომლის ფარგლებშიც, ნადარაიას თქმით, წლის განმავლობაში ფერმაში გამოყვანილი ლოკოკინების მოცულობა მკვეთრად გაიზრდება.

„2000 კვადრატულ მეტრზე ავაშენეთ ქარხანა. 6 ჰექტარი, რომელიც Nadi Group-ს აქამდეც ჰქონდა, Snail Catch-ს გადაეცა. ამასთან, ახალმა კომპანიამ 14 ჰექტარის დამატებითი ფართობის ორგანიზებისთვის ინვესტიციები განახორციელა“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.

მისივე თქმით, ახალი კომპანიის ოპერირებისთვის ქარხანა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში აშენდა, რომელშიც ნორვეგიული კომპანიის ინვესტიციის მოცულობა 200 000 ევრომდეა.

„ველოდებით, რომ 2023 წლის ბოლოს ლოკოკინის მოსავალი 200 ტონა იქნება, საიდანაც, სავარაუდოდ, 150-180 ტონის ექსპორტს მოვახდენთ. დარჩენილი ნაწილი საქართველოში დარჩება, როგორც სანაშენე პროდუქტი. რაც შეეხება ექსპორტს, მთავარი ბაზრებია: საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.

საუბარია 2 ჯიშის ლოკოკინაზე: ერთი - საფრანგეთსა და იტალიაში გადის, მეორე კი - ესპანეთის ბაზარზე მუშაობს. ამიტომ ორივე მიმართულებით ვმუშაობთ და ალბათ წლის ბოლოსთვის შემსყიდველებისგან კონტრაქტები უკვე გვექნება”, - განაცხადა ნადარაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, წლის ბოლომდე, Snail Catch-ის ქარხანაში, სოფელ მენჯიდან დაახლოებით 70 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება. ხიბულაში კი, სადაც ძირითადი ფერმებია გაშენებული, მთლიანობაში 50 ადამიანია დასაქმებული. მერაბ ნადარაია ამბობს, რომ სამეგრელოში ფერმების გარდა, 3 ინკუბატორია მოწყობილი, სადაც პატარა ლოკოკინების გამოყვანა ხდება იმისთვის, რომ მათი გადაყვანა შემდეგ ფერმაში, მინდორზე მოხდეს. მთლიანობაში, Nadi Group-ის ეგიდით, საქართველოში სულ ლოკოკინების 40-მდე ფერმაა გაშენებული, მათი უმეტესობა - ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია მოწყობილი. კომპანია ადგილობრივებისგან ლოკოკინებს იბარებს, შემდეგ მათ ამრავლებს და ე.წ. საჯიშე ლოკოკინებს სხვადასხვა ფერმაში ათავსებს.

შეგახსენებთ, რომ Nadi group-ი საქართველოში ლოკოკინების გამრავლების მიმართულებით 2018 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები