მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ლოკოკინების ბიზნესის პერსპექტივა დიდია - Nadi Group-ის დამფუძნებელი

მერაბ ნადარაია ნადი გრუპი

საქართველოში ლოკოკინების ბიზნესის პერსპექტივა დიდია, ვინაიდან ევროკავშირის ბაზარი ამ პროდუქტით სრულად დაკმაყოფილებული არ არის, - ამის შესახებ ლოკოკინების მწარმოებელი კომპანია Nadi Group-ის დამფუძნებელმა, მერაბ ნადარაიამ bm.ge-ს განუცხადა.

„ლოკოკინების გასაღების პრობლემა არ დგას, ამიტომაც ეს ბიზნესი არის ძალიან პერსპექტიული. უბრალოდ მოშენება ცოტა რთულია, თუმცა ჩვენმა ფერმერებმა ნელ-ნელა აუღეს ამ საქმესაც ალღო“, - ამბობს ნადარაია, რომლის კომპანიასაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტის მცირე გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 2021 წლიდანაა დაშვებული. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან 263.52 ათასი აშშ დოლარის ღირებულების დაახლოებით 44 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე, 2023 წელს კი 190.50 ათასი აშშ დოლარის ღირებულების დაახლოებით 21 ტონა. საექსპორტო ქვეყნები მხოლოდ იტალია და საფრანგეთი იყო. წელს ექსპორტიორებს შორის Nadi Group-ი არ ყოფილა.

„ექსპორტზე წელს არ გაგვიტანია, ვინაიდან ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდა ფერმერების მხრიდან მოთხოვნა, ამიტომ იმდენი ჯერ ვერ მოვიყვანეთ, რომ ამის მიღმა დამატებითი მოცულობა გვეწარმოებინა და ექსპორტზე გაგვეტანა. თუმცა შემოდგომაზე ან მომავალი წლის გაზაფხულზე გვექნება იმ რაოდენობის, რომ ექსპორტზეც გავიტანოთ. ახლა დაახლოებით წარმოების მოცულობა 100 ტონამდეა და გეგმაში გვაქვს 400 ტონამდე ასვლა“, - აცხადებს Nadi Group-ის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ლოკოკინებზე ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა დიდია, - „ამიტომაც ვცდილობთ, რომ ფერმერების რაოდენობის გაზრდით, შევეცადოთ მეტი ლოკოკინის მოყვანას. ამით ვეცდებით ევროკავშირის ბაზარზე არსებული დეფიციტი შევამციროთ. მთავარია, რომ გასაღების პრობლემა არ არის. ლოკოკინების ძირითადი მომხმარებელი არის პორტუგალია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი. ვფიქრობთ ჩინეთზეც. თუმცა ძირითადად ევროკავშირზე გვაქვს გათვლა“.

Nadi Group-ს ამჟამად 70 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 40 ფერმერთან თანამშრომლობს, თუმცა როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, ლოკოკინების ბიზნესში, ისევე როგორც სხვა არაერთ ბიზნესში, დღეს საქართველოში მთავარი გამოწვევა მუშახელის ნაკლებობა, განსაკუთრებით კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია. კომპანია დეფიციტის აღმოფხვრას ფერმერების მხარდაჭერით ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები