მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაბილური მუშახელის პოვნა რთულია – ლოკოკინების ფერმა

ლოკოკინა

ლოკოკინების გადამმუშავებელმა ქარხანამ „ტიმეო“, რომელიც წილკანში ორი წლის წინ გაიხსნა, საფრანგეთში ნედლეულის ექსპორტი წარმატებით განახორციელა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ქადაგიძე BM.GE-სთან განმარტავს, „ტიმეომ“ საზღვარგარეთ უკვე რამდენჯერმე გაიტანა გადამუშავებული ლოკოკინა და ეს პროცესი ყოველკვირეულად გრძელდება.

„ახლა ნამდვილად ყველაზე ცხელი სეზონია ჩვენი ბიზნესისთვის, შესყიდული ლოკოკინას აქტიური გადამუშავება და საფრანგეთში ექსპორტი მიმდინარეობს. უკვე გავიტანეთ 5 ტრაილერი და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

წინა წელთან შედარებით 3-ჯერ ვართ გაზრდილები, იქნება ეს ნედლეულის ნაწილში თუ - თანამშრომლების. დღეს კომპანია 300-მდე ადამიანს ასაქმებს და თუ ფერმერებსაც ჩავთვლით, ვფიქრობთ, დაახლოებით, 5 000 ადამიანია ლოკოკინების ჩაბარებაში აქტიურად ჩართული“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

მისი თქმით, ქარხანამ წლიურ მიზანს, 1 000 ტონა გადამუშავებულ ლოკოკინას, უკვე მიაღწია, თუმცა კომპანია ზრდას აგრძელებს: „საქართველოში სწრაფად განვითარდა და უფრო და უფრო წინ წავიდა ლოკოკინას ფერმის ბიზნესი, რასაც ჩვენს აქტიურად ვადევნებთ თვალს. ყოველთვის გვქონდა სურვილი, რეგიონული ჰაბი გავმხდარიყავით და ვფიქრობთ, რომ ზრდისთვის ადგილი ჯერ ისევ დიდია და მომდევნო 5 წელიწადში 2-ჯერ შეგვიძლია გავიზარდოთ“.

ქადაგიძის თქმით, კომპანიის ზრდის სტრატეგია ლოკოკინასაგან თავის მოვლისა და სააფთიაქო პროდუქტის დამზადებასაც ითვალისწინებს, თუმცა პროცესის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებისთვის, მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, „ტიმეომ“ დრო ჯერჯერობით ვერ გამონახა.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელსაც ლოკოკინების გადამუშავების ბიზნესი აწყდება ქართულ ბაზარზე, „ტიმეოს“ დამფუძნებლის თქმით, მთავარი პრობლემა სტაბილური მუშახელია.

„სტაბილური მუშახელის პოვნა რთულია, ვისაც ჩვენთან მუდმივად ენდომებათ მუშაობა და ახალი თანამშრომლების ცირკულაცია და ძველების გადინება არ მოხდება. ეს, ალბათ, ბიზნესის ბრალიც არის, მით უმეტეს, რომ ჩვენ ახალი კომპანია ვართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ჩვენი ბრალია. ქარხანაში ყველაფერი სისწრაფეზეა დამოკიდებული და კადრების გადამუშავებაც მეტ-ნაკლებად გვჭირდება“, - ამბობს ქადაგიძე და დასძენს, რომ ამ პრობლემის მიუხედავად, „ტიმეოს“ დამატებით 100 ადამიანის დასაქმების რესურსი აქვს.

ცნობისთვის, „ტიმეოს“ ქარხანა წილკანში 7 მლნ ლარის ინვესტიციით აშენდა. აქ გადამუშავებული ნედლეული სრულად საზღვარგარეთ იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები