მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლებია ამას ვითხოვთ..."– რას ითხოვენ თიზ–ები მთავრობისგან, რომელიც ახალი ფინანსური ზონის შექმნას აანონსებს?

61ead382d7eeb
ანუკა ჯოხაძე
24.01.22 09:00
1043
საქართველოს მთავრობა ახალი ტიპის თიზ-ს ქმნის, “სპეციალური ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება. რა საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს ფინანსურ ცენტრებში ჯერ უცნობია, მაგრამ როგორც მთავრობა ირწმუნება, ფინანსური ზონის კონცეფცია "ბოლო თაობის" მოდელს დაეფუძნება.

სანამ მთავრობა ახალი ფინანსური ცენტრების შექმნაზე მუშაობს, საქართველოში წლების წინ შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონები BM.GE-თან გამოწვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, ამ პრობლემებმა თიზებს გარკეულწილად დააკარგინა ის უპირატესობები, რაც მათ დასაწყისშ ჰქონდათ.

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი გიორგი ტაბიძე საქართველოს მთავრობის ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, თიზების საქმიანობის არეალი დღეს შეზღუდულია, რაც აუცილებლად უნდა გაიზარდოს. გიორგი ტაბიძის განცხადებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ოპერირება სერვისის მიმწოდებელ კომპანიებსაც უნდა შეეძლოთ, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებისთვისაც ქვეყანაში ფინანსური ცენტრები იქმნება.

“რაც შეეხება ფინანსური ზონების იდეას, ეს არის ის, რასაც ჩვენ, თავისუფალი ინდსტრიული ზონები, წლებია ვითხოვთ. ვითხოვთ, რომ თიზების მიმართულებით საქმიანობის არეალის გაფართოების უფლება მოგვეცეს და არ იყოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ოპერირება მხოლოდ წარმოებით და ვაჭრობით შემოფარგლული, არამედ აქ დაემატოს მომსახურების გამცემი კომპანიებიც.

კარგი იქნება, თუ ჩვენც მოგვეცემა შესაძლებლობა ჩავერთოთ ასეთი ტიპის კომპანიების მოზიდვაში. თან თუ ეს ყველაფერი კანონით ნათლად იქნება გაწერილი, ამ შესაძლებლობას ჩვენც გამოვიყენებთ და შემდგომში მოზიდული კომპანიები თავად გადაწყვეტენ, ფინანსურ ცენტრში განთავსდებიან თუ თიზში. ეს უკვე კონკურენცია იქნება”-აცხადებს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი გიორგი ტაბიძე.

ცნობისთვის, თბილისის თავისუფალ ზონაში ამ ეტაპზე 140-მდე კომპანია ოპერირებს, რომელთა ძირითადი ნაწილი წარმოებისა და ვაჭრობის სექტორებს მიეკუთვნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები