პარლამენტის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი მინისტრობის კანდიდატებს ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის მიზნით ინვესტორების მოსაზიდად საგადასახადო შეღავათების დაწესების წინადადებას სთავზობს. ამ შეთავაზებით დეპუტატმა პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ მიმართა.
ლილუაშვილმა მაგალითისთვის დეველოპერულ სექტორში პანდემიის დროს ამოქმედებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შედეგები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორების მოსაზიდად დროებითი მექანიზმებია ასამოქმედებელი.
„ინვესტიციები და კერძო სექტორი ამ ქვეყანაში უნდა იყოს დასაქმების ძირითადი წყარო, ეს არ არის მხოლოდ კითხვა, ეს შემოთავაზებაა. ხომ არ გვეფიქრა ინვესტიციების წახალისების ძალიან აქტიურ პოლიტიკაზე, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდირებაზე. საქმე ეხება როგორც შიდა, ასევე გარე ინვესტიციებს. ვიყოთ ისეთ თამამებიც, რომ გარკვეული მოცულობების ზემოთ ინვესტიციები საერთოდ გავათავისუფლოთ გადასახადებისგან და ეს იყოს დროებითი ღონისძიება, რომელიც მოგვცემს საშუალებას მომდევნო 3-4 რთული წლის განმავლობაში ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც საინვესტიციო საზოგადოებასთან გარკვეული შეთავაზებებით გამოვა.
დღეს გლობალური გარემო ისეთია, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან ინვესტიციები გადის, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად შემოტრიალდება. გარდა მაკროეკონომიკური სტაბილურობისა, ინვესტორებს უნდა დავახვედროთ სხვა სტიმულებიც, რომ უმუშევრობის პრობლემა სწრაფად გადავჭრათ და დროებითი ღონისძიებები მივმართოთ ინვესტიციების წახალისებისთვის.
შედარებისთვის, ეს შეიძლება იყოს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პროგრამა, სადაც ძალიან კარგად იმუშავა პირდაპირმა მხარდაჭერის სისტემამ და მოლოდინებს გადააჭარბა იმ შედეგებმა, რაც მივიღეთ და რომლითაც სისტემური რისკები თავიდან ავიცილეთ.
რას ვფიქრობთ და თქვენი პოზიცია როგორია?“, - მიმართა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს.




























