პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშს უსმენენ, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას.
სამინისტროს წარმომადგენლმა ლაშა ინაურმა ლაბორატორიებზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლაბორატორიებთან თანამშრომლობენ, შესაბამისად, ყველა პროდუქტის, რომლის ექსპორტიც ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება, ლაბორატორიული შემოწმების შესაძლებლობა არსებობს.
“სახელმწიფო ლაბორატორიები სამინისტროს საჯარო სამართლის უირიდიული პირია. ეტაპობრივად მათი აკრედიტაციის სფეროს გაფართოება ხდება და პრიორიტეტი ენიჭება იმ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც დაახლოეული გვაქვს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. არ გვაქვს ამბიცია, რესურსი და არც სხვა ქვეყნებში არ არის ისე, რომ ერთმა ლაბორატორიამ ყველა პროდუქტზე ყველა სახის კვლევა ჩაატაროს. ეს გამორიცხულია. ევროპაშიც კი გადანაწილებულია ქვეყნების მიხედვით, თუმცა ვცდილობთ, რომ ამ პროცესს მივყვეთ. რასაც აქ ვერ ვახერხებთ, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ევროპულ ლაბორატორიებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და მათთან ერთი სარკმლის პრინციპით შეგვიძლია ნიმუშების გაგზავნა. ანუ ეს ხელს არ შეუშლის რაიმე პროდუქტის [ევროკავშირის ბაზარზე] გატანას ან შიგნით კონტროლს”,-განაცხადა ლაშა ინაურმა.
ლაბორატორების პრობლემაზე გუშინ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც ისაუბრა. გენადი არველაძის თქმით, ლაბორატორიების არქონა პრობლემაა, რის გადაჭრაზეც მუშაობენ.




























