მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზარალი 300 000 ლარამდეა“ - "ინტელექსპრესის“ განცხადება ფილიალის გაქურდვაზე

5f6a17e6f03ec
ინგა მურუსიძე
22.09.20 19:25
954
ქართულ ფულადი გზავნილების სისტემა „ინტელექსპრესი“ ქუთაისში, ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი ქურდობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ფილიალი ქურდობის მეორე დღიდანვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მისივე ინფორმაციით, ზარალი 300,000 ლარამდეა. 

„19 სექტემბერს, გამთენიისას, 04:06 წუთზე, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ინტელექსპრესის“ ფილიალში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საფინანსო დაწესებულების უსაფრთხოების პირობებს და გააჩნია საბანკო მოთხოვნების დაცვით ფულის საცავი, აღჭურვილია სიგნალიზაციის ყველა თანამედროვე საშუალებით და რომლის უსაფრთხოებასა და დაცვაზე კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთანაა გაფორმებული, განგაშის სიგნალი ჩაირთო.

9 წუთში, ობიექტთან გამოცხადდა დაცვის პოლიციის 2 თანამშრომელი. მათ დააფიქსირეს, რომ განგაში მოდიოდა საცავიდან, შევიდნენ შენობაში, მაგრამ მხოლოდ გარედან დაათვალიერეს საცავის კარი, კედლები და ჩათვალეს, რომ იყო მცდარი განგაში.
გაჩერდნენ დაახლოებით 6-7 წუთის განმავლობაში და დატოვეს ობიექტი ისე, რომ, მიუხედავად მათი ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა, ანუ არ დაათვალიერეს ადგილი, საიდანაც მოდიოდა განგაშის სიგნალი. დაცვის პოლიციამ ასევე არ მოახდინა საცავის გარე მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, რის შედეგადაც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, დამნაშავეებს მიეცათ საშუალება რამოდენიმე საათი ემუშავათ საცავში.

დილის 9 საათზე შესულ თანამშრომელს დახვდა შემდეგი სურათი: საცავის 40-50 სანტიმეტრი სისქის ბეტონის იატაკში ამოჭრილი იყო 60X60 სანტიმეტრის ხვრელი, ხოლო რკინის სეიფი, სადაც თანხა ინახებოდა, იყო გაჭრილი და თანხა კი წაღებული. რაც შეეხება ზარალს, მიყენებული ზარალი შეადგენს სხვადასხვა ვალუტაში ჯამში 300 000 ლარამდე. მომხდარის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა პოლიციას და კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

აღნიშნულმა ფილიალმა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ, მეორე დღესვე, გააგრძელა სრულფასოვანი მუშაობა. პარალელურად კი ქალაქ ქუთაისში სხვა, ორი სერვის ცენტრი შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩადენილ იქნა კარგად ორგანიზებული ძარცვა, რომლის აღკვეთა ხელეწიფებოდა დაცვის პოლიციას და რბილად რომ ვთქვათ, მათი გულგრილი დამოკიდებულებით მოხდა მძიმე დანაშაული, რომლის ჩადენამ „ინტელექსპრესს“ მნიშველოვანი ზიანი ვერ მიაყენა, თუმცა მსგავსი ძარცვა თავისი შინაარსით ბოლო პერიოდში ფინანსურ დაწესებულებებში არ მომხდარა.

„ინტელექსპრესი“ იტოვებს იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები გააკეთებენ მაქსიმუმს, რათა იპოვონ დამნაშავეები და გამოავლინონ ის პირები, რომელთაც გულგრილობითა და არაკეთილსინდისიერი ქმედებითაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის ჩადენას. „ინტელექსპრესი“, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. იგი ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში. იგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც – საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ასევე პარტნიორი ბანკებითა და აგენტების ქსელით“, - ნათქვამია „ინტელექსპრესის“ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები