მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზესტაფონელი ბავშვი ეროვნულ მუზეუმში რატომ ვერ უნდა ჩამოვიდეს?" - განათლების მკვლევარი

6278b306374b9
თათია ჩაფიჩაძე
09.05.22 11:38
1838
განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ შეზღუდვებს აბსურდულად აფასებს და აცხადებს, რომ მის მომზადებაში სფეროს სპეციალისტები არ მონაწილეობდნენ.

როგორც BMG-სთან საუბრისას აფხაზავა აცხადებს, შედეგად, ექსკურსია, როგორც სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი, სრულად ამოვარდება და მას მხოლოდ გართობითი ხასიათი მიეცემა.

"აბსოლუტურად გაურკვეველია ეს რეგულაცია, რომლის შექმნაში, რამდენადაც ვიცი, არცერთი სფეროს სპეციალისტები არ მონაწილეობდა, რაც ძალიან ცუდია. ასეთი შეზღუდვების დაწესება ნიშნავს იმას, რომ სასწავლო პროცესიდან ექსკურსიები ამოღებული იქნება. არცერთი მასწავლებელი და სკოლა ამხელა თავის ტკივილს არ აიღებს ან თუ აიღებს, იქნება მინიმალური და ისიც არა - სასწავლო დატვირთვით, არამედ უბრალოდ გასართობად.

მე არ მესმის, ზესტაფონელი ბავშვი ეროვნულ მუზეუმში რატომ ვერ უნდა ჩამოვიდეს?! წარმოდგენა არ მაქვს, ეს რასთან არის მიბმული; ასეთ აბსურდულ შედეგამდე მივდივართ მაშინ, როცა სპეციალისტების ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებს ჩინოვნიკი. 150 კმ-ში უსაფრთხოება დაცულია და 200 კილომეტრში აღარ?

მდინარე და წყალსაცავი არ უნდა იყოს და ანუ მარტო დავით გარეჯში უნდა ვატაროთ ბავშვები? ან რატომ არის იქ უსაფრთხო, როცა მაგალითად, მაისში გველებია? სწორი არის ის, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდეს ტრანსპორტი, მისი გამართულობა. დანარჩენი პასუხისმგებლობა არის მასწავლებელის და მშობელის", - აცხადებს რევაზ აფხაზავა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ექსკურსიებზე ახალ რეგულაციებს აამოქმედებს.

სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსკურსია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთ დღეში, ღამისთევის გარეშე. ამასთანავე, საექსკურსიო ლოკაცია ისე უნდა შეირჩეს, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კილომეტრს არ აღემატებოდეს. 

გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ უნდა მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ზონებში.

"ექსკურსიაში მონაწილე სრულწლოვან პირთა შორის უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი ქმედითუნარიანი პირი, რომელსაც აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები.

ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლეს წარმომადგენელი არ ახლავს ექსკურსიაზე.

მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ექსკურსიაზე ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც გავლილი აქვს ტექდათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სატრანსპორტო საშუალებებში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები